Skip to content Skip to footer

“აგრო სიახლეების” რესპონდენტს, ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრს თავს დაესხნენ

ჭიათურის სოფელ ზოდის გადარჩენისთვის წამოწყებული მოქალაქთა გაერთიანების, მოძრაობის, ორგანიზატორების ცნობით, გარემოსდამცველ აქტივისტს, ზოდის მკვიდრს, ნიკო გაფრინდაშვილს, 22 ივნისს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას ტვინის შერყევა აქვს. სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობას.

კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე გახშირებულ ძალადობას და ანგარიშსწორებას ეხმაურება სახალხო დამცველი. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ძალადობის შემთხვევები. მან აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილზე თავდასხმის ფაქტიც შეაფასა.

“ეს არის არა მარტო დასაგმობი, არამედ გამოსაძიებელი ფაქტი და ადამიანები, ვინც ამაში არიან ჩართული, ისინი უნდა მიეცენ პასუხისგებაში. ჩვენ ამ საკითხზე, ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და ველოდებით გამოძიების შედეგებს. მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, რომ უფრო ეფექტურად მოახდინონ, სულ მცირე, რომ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კადრებში ჩანან, ვისი სახელების და გვარების იდენტიფიცირება არ არის რთული და ცნობილია. ჩვენ ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას სჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული,“ – ამბობს იოსელიანი.

„მას შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია „ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს, სადარბაზოში დახვდნენ ე.წ ტიტუშკები, სამი ადამიანი, ხელკეტებით შეიარაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს  (ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ, მათ წინასწარ დაგეგმეს ეს. რთული გამოსაცნობი არაა, ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა.

სასწრაფოდ ვითხოვთ გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია მათი დამკვეთები. ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული, რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა აგებს პასუხს ადრე თუ გვიან!

ვერ გაგვაჩუმებთ, 30 ივნისს 12 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ „ჯორჯიან მანგანეზის” ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს „ჯორჯიან მანგანეზსა” და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!”, – წერია სოფელ ზოდის განცხადებაში.

ზოდელები მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და  გაცემული ლიცენზიის გაუქმებას დიდი ხანია მოითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სოფელ ზოდში წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა მეწყრული პროცესები, დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის: გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს. ჭიათურის სხვა სოფლებში ამის გამო ადამიანებიც კი დაიღუპნენ.

“აგრო სიახლეებმა” ამ თემას სპეციალური გადაცემაც დაუთმო ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში. “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ზოდში შექმნილ ეკოლოგიურ საფრთხეზე, “მწვანე ალტერნატივასთან” ერთად, სწორედ დაზარალებული ნიკო გაფრინდაშვილი საუბრობდა.