Skip to content Skip to footer

არის თუ არა ფოთში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები?

კულტურულ-შემეცნებითი სივრცეების ნაკლებობა ან სულაც არარსებობა რეგიონებისთვის დიდი ხანია გამოწვევაა. თეატრალურ ქალაქად წოდებულ ქალაქ ფოთში 141-წლიანი ისტორიის მქონე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი ამორტიზებული შენობის გამო წლებია თავს ფოლკლორის ცენტრის შენობას აფარებს. ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები წლებია დაუსრულებლად მიმდინარეობს. ამ შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოების 9-წლიანი ციკლი ჯერ კიდევ 2014 წლის 1 ივნისს დასრულდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, თუმცა, უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების გამო ჭერის ნაწილი მალევე ჩამოინგრა. წლებია შენობაში წვიმის წყალი ჩადის და თეატრის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია.

მაშინ როცა ხელისუფლებას სოფლების დაცლის შესაჩერებლად მოსახლეობის ადგილზე დამაგრება პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, ლოგიკურად დასასვენებელი, კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტუქტურის მოწყობა და ზოგადად, კულტურის მხარდაჭერაც პრიორიტეტი უნდა იყოს. ფოთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ რეგიონებში დრამატული სიტუაციაა. მოსახლეობას თავშეყრის ადგილები ფაქტობრივად არ აქვს, რაც მათ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მიგრაციისკენ უბიძგებს.

ნახეთ პროექტ „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ჩვენი პარტნიორი არხის, „მეცხრე ტალღის“ მომზადებული გამოკითხვა.