Skip to content Skip to footer

ევროპაში Dark kitchen-ს კრძალავენ – Forbes-ის მიმოხილვა

2022 წლიდან მოყოლებული ესპანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის მთავრობები აქტიურად ცდილობენ Dark kitchen-ის შეზღუდვას. რა შედეგები მოჰყვება სანქციებს, როგორ აისახება ისინი მზა საკვების ადგილზე მიტანის გლობალურ ბაზარზე და რა შანსები აქვთ ამ მხრივ ახალ პროექტებს? ამის შესახებ Forbes ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

რას ნიშნავს და როგორ მუშაობს Dark kitchen-ი?

2020-იანი წლების ბოლოდან სულ უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საკვების ონლაინ შეკვეთა, რამაც სურსათის ადგილზე მიწოდების სერვისი გააქტიურა. მზა კვების ადგილზე მიტანის აპლიკაციების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მოთხოვნამ გააჩინა ახალი მიწოდების და მიტანის ბიზნეს მოდელი. 2026 წლისთვის საკვების სახლში მიტანის ბაზრის 500 მლრდ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ.

Dark kitchen-ს, რესტორნებისგან განსხვავებით, ბევრი უპირატესობა აქვს. ისინი მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობენ, არ იღებენ ვიზიტორებს და არ აქვთ ადგილზე კვებისთვის განკუთვნილი სივრცე. უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ბიზნესის დაწყება მცირე თანხითაც არის შესაძლებელი და სამზარეულოს გახსნა ნებისმიერ ლოკაციაზე შეიძლება.

Dark kitchen ტრიალებს კონცეფციის გარშემო – კერძების გაყიდვა ექსკლუზიურად, ადგილზე მიტანის სერვისით.

აკრძალვა ევროპაში

ევროპის ქალაქებში Dark kitchen-ის საწინააღმდეგო რეგულაციები ამოქმედდა. მიზეზი მოსახლეობის პრეტენზია გახდა. მათი თქმით, ინდუსტრია პანდემიის დროს ელვის სისწრაფით გაიზარდა. შედეგად, სამეზობლოში არსებულ ტრადიციულ მაღაზიებსა და კაფეებს საფრთხე დაემუქრათ, ამასთან, დაქვეითდა ცხოვრების ხარისხი, მომრავლდა საკვები ნარჩენები და პრობლემა გახდა ხმაური. პრობლემები ასევე წარმოიშვა იმის გამო, რომ ევროპული ქალაქების ინფრასტრუქტურა მზად არ იყო. ხშირ შემთხვევაში კურიერები ტრანსპორტს ვერსად აჩერებდნენ და ა.შ.

ვინ როგორ ებრძვის Dark kitchen-ს?

2023 წლის დასაწყისში ბარსელონამ ქალაქში Dark kitchen-ზე შეზღუდვები დააწესა. ახლა “პატარა სამზარეულოებს“ მუშაობა მხოლოდ გარეუბანში მდებარე ინდუსტრიულ ზონებში შეეძლებათ. ის უნდა იყოს რაც შეიძლება შორს საცხოვრებელი უბნებიდან და ოპერატორებს უფლება აქვთ გახსნან მხოლოდ ერთი ლოკაცია 400 მ რადიუსში.

მანამდე, 2022 წელს, ბრძოლა მათ წინააღმდეგ ამსტერდამში და როტერდამში დაიწყო. რეგულაციის დაწესებას ხმა შემდეგ ჰოლანდიის სხვა ქალაქების საკრებულოს წევრებმაც მისცეს. Dark kitchen-ს პარიზში უკვე სასამართლოს მეშვეობით ებრძვიან, რათა უამრავი ასეთი სამზარეულო ცენტრალური უბნებიდან გადაიტანონ.

ჯერჯერობით Dark kitchen-ზე დაწესებულმა შეღუდვებმა ყველაზე მეტად დააზარალა Getir და Flink. ესენი არიან ადგილზე მიტანის სერვისები, რომლებმაც ევროპაში მოღვაწეობა 2020 წელს დაიწყეს. მათ უკვე გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა დატოვონ საფრანგეთი და ესპანეთი.

Dark kitchen ლეგალურად დახურულია მხოლოდ ევროპის ზოგიერთ ქალაქში. ამერიკულმა სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა Wendy’s-მა, მსგავსი ტიპის დაწესებულებების განვითარება აშშ-ში, პანდემიის დროს სტარტაპ Reef Technology-თან ერთად დაიწყო. თუმცა 2023 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ ყველა ფილიალს დახურავს.

გლობალური ზრდა

Statista-ს მონაცემებით, 2023 წელს მსოფლიოში საკვების მიწოდების მომხმარებელთა რიცხვი იქნება 1,9 მილიარდი ადამიანი. ხოლო Market.us-ის მიხედვით, საკვების მიწოდების ბაზარი ყოველწლიურად 12%-ით გაიზრდება და 2032 წელს მისი მოცულობა 483,9 მილიარდი დოლარი იქნება.

ადგილზე მიტანის სერვისის ბაზრის განვითარების მთავარი ფაქტორი დასაქმებული მოსახლეობის ზრდაა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გლობალური სამუშაო ძალის მინიმუმ 47%-ს ქალები შეადგენენ, ხოლო კაცები 72%-ს. გადატვირთული გრაფიკის გამო ხალხს საკვების ადგილზე გამოძახება ურჩევნია. მომხმარებელთა ჩვევების ცვლილებაზე ასევე გავლენას ახდენს ურბანიზაცია და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ინდუსტრიის გაფართოების იმედი, არის გლობალურ ბაზარზე Dark kitchen-ის შესვლისთვის ბარიერების შემცირება. დიდ გავლენას ახდენს ვენჩურული ინვესტორების ინტერესი ასეთი პროექტების მიმართ და ბრენდების სურვილი, გააფართოვონ და გაზარდონ შესაძლებლობები.

პერსპექტიული საერთაშორისო ბაზრები

Dark kitchen-ის წამოსაწყებად, რეგიონის არჩევისას უნდა დაეყრდნოთ კვების ბაზრისთვის დამახასიათებელ ნიშებს. ბიზნესის რეგისტრაციის სიმარტივე, გადასახადები, დაფინანსება, ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა და საინვესტიციო კლიმატი თქვენი ძირითადი დაინტერესების სფერო უნდა იყოს.

აშშ

ამერიკის ბაზრის მთავარი უპირატესობა ცხოვრების მაღალი დონე და მოსახლეობაში მზა საკვების გამოძახების ჩვევის მაღალი ხარისხია.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ს მომხმარებელთა 87% მზა საკვებს კვირაში ერთხელ და მეტჯერ იძახებს. ამრიგად, ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბდა ამ ფორმატში საკვების მოხმარების ძლიერი კულტურა.

საკვების მიწოდების ბაზარი 2022 წელს 26,1 მილიარდი დოლარი იყო და საშუალო წლიური ტემპით 10%-ით გაიზრდება.

ქვეყნის ექვს შტატში კომპანია CloudKitchens-ის 40-მდე “ღრუბლოვანი სამზარეულო“ ფუნქციონირებს, რომელიც ყველაზე დიდი ოპერატორია ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიტანის ამერიკული ბაზრის 2/3 DoorDash სერვისს უკავია, მეორე ადგილზეა Uber Eats.

დასავლეთ ევროპა.

ევროპაში Dark kitchen-ს შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ აქვს პოტენციალი. პანდემიის შემდეგ, საკვების მიწოდების ინდუსტრიამ თავისი პოზიცია გააძლიერა.

ეს სეგმენტი 2022 წელს შემოსავლების თვალსაზრისით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე 2019 წელს. Research and Markets-ის თანახმად, საკვების მიწოდების ბაზარი ყოველწლიურად 11,5%-ით გაიზრდება და 2028 წლისთვის 184 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

2020 წლიდან ევროპაში ვითარდება “ღრუბლოვანი სამზარეულოების“ ბრიტანული ქსელი Karma Kitchen, რომელიც ბაზარზე შესვლის დაბალ ბარიერს უზრუნველყოფს. ასევე წარმოდგენილია ამერიკული CloudKitchens Cooklane. ქსელების შენობები განლაგებულია არა ინდუსტრიულ ზონებში, არამედ საცხოვრებელ ადგილებში. მიწოდების ოპერატორებს შორის ლიდერები არიან გერმანული Uber Eats და ჰოლანდიური Takeaway.