რეგიონებში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და პროექტები მიგრაციის შემაკავებელი ფაქტორი ვერ ხდება. რა მიზნით ტოვებენ მოქალაქეები მშობლიურ ქალაქებსა თუ სოფლებს და რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ხელისუფლება ნეგატივის მასშტაბს?! კეთდება თუ არა რამე რეგიონებში დაბრუნებული მიგრანტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?!
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველოდან მიგრირებულია 179 778 ადამიანი, ხოლო 125 268 მოქალაქე ემიგრანტია. ქვეყანას, ჯამში, 3 736 400 მოქალაქე ჰყავს. მიგრაციული სალდო ბოლო 8 წლის განმავლობაში სულ უარყოფითი იყო, ანუ ჩვენი სახელმწიფოდან გასული მოქალაქეების რიცხვი სჭარბობდა შემოსული ადამიანების რაოდენობას. სალდო მხოლოდ წელს გახდა დადებითი და ის 54 509-ს შეადგენს. მიგრაციის პრობლემა თანაბრად აწუხებს მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს. მიზეზი სხვადასხვაა. თუმცა, ყველაზე მეტად მოსახლეობას მშობლიური კუთხის დატოვება ეკონომიური სიდუხჭირის გამო უხდება.
ქვეყანას ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად. არალეგალი ქართველი ემიგრანტების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. როგორც მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, უცხოეთში არალეგალი პირები ხშირად ტრეფიკინგის საფრთხის ქვეშ არიან, უჭირთ საკუთარი უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვა, ვერ მონაწილეობენ არჩევნებში.
ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელი, ნანა თოდუა, მიგრაციის პრობლემის შესახებ „აგროსიახლეებს“ ესაუბრა.