Skip to content Skip to footer

მალე სენაში ბანაობა შესაძლებელი იქნება

პარიზის მერია გეგმავს მდინარე სენაზე 2025 წლისთვის წყლის ხარისხის იმ დონემდე მიყვანას, რომ მასში ბანაობა უსაფრთხო იყოს. უკვე მოინიშნა 20 პუნქტი, სადაც შესაძლოა, სრულფასოვანი პლაჟები მოეწყოს.

სენას წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად სისუფთავის სტანდარტებს განაახლებენ, დამონტაჟდება დამატებითი გამწმენდი აღჭურვილობაც, დაირგვება ახალი მცენარეულობა.

მე-20 საუკუნემდე სენაში ბანაობა დასაშვები იყო, თუმცა ქალაქის ურბანულ ზრდასთან ერთად, მდინარის დაბინძურების საშიშ ზღვრამდე მისვლის გამო ასი წლის წინ მასში ბანაობა აიკრძალა. მდინარე იმდენად დაბინძურდა, რომ მასში მხოლოდ ორი სახეობის თევზი გადარჩა, თუმცა დღეისთვის სენაში ოცდაათზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს.

რაც შეეხება წყლის ხარისხს და უსაფრთხოებას, ბოლო პერიოდში სენას წყლის ნიმუშის 91% კარგ მაჩვენებლებს აფიქსირებს.