Skip to content Skip to footer

სამთო კურორტი მამისონი 2024 წლის ზამთარში გაიხსნება – რუსული მხარე

სამთო კურორტი მამისონი ფუნქციონირებას 2024 წლის ზამთარში დაიწყებს, – ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორთა ასოცოაცია იუწყება. პარალელურად, რუსულ მედიაში ვრცელდება Кавказ.РФ-ის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკოლაი გონჩაროვის, განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ ოსეთში ახალი სათხილამურო კურორტის – მამისონის განვითარების გეგმა სოჭში, კურორტ „კრასნაია პოლიანაში“ მიმდინარეობს.

გონჩაროვის ინფორმაციით, კურორტი მამისონი პირველ ტურისტების 2024 წლის ზამთარში მიიღებს. ამჟამად იქ აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს: შენდება საბაგიროები, მრავალფუნქციური ცენტრი, ავტოსადგომები, სასტუმროები, მონტაჟდება ტრასების ხელოვნური თოვლის სისტემა და ა.შ.

გეგმების მიხედვით, მამისონმა 2024-25 წლის ზამთრის სეზონზე დაახლოებით 50 ათასი ტურისტი უნდა მიიღოს. დაგეგმილია ასევე საკურორტო სასტუმროების ზაფხულში ფუნქციონირებაც ოსეთის მთიან მხარეში საექსკურსიო მოგზაურობისთვის.

საერთო ჯამში, 2030 წლამდე, სახელმწიფო გეგმავს დაახლოებით 190 000 დოლარის ინვესტიციას მამისონის კურორტის მშენებლობასა და განვითარებაში, კერძო ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა (უკვე ჩადებულის გათვალისწინებით) არის 206 000 დოლარი.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში წერენ, რომ ახალი კურორტი რუსული სათხილამურო ტურიზმის მიზიდულობის მნიშვნელოვანი პუნქტი გახდება და ის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ამიერკავკასიის ისეთ პოპულარულ კურორტებს, როგორიცაა გუდაური, წახკაძორი სომხეთში და ა.შ.

შეგახსენებთ, მამისონის უღელტეხილზე გადის ოსეთის სამხედრო გზა. ის საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების არდონისა (თერგის მარცხენა შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე ზღვის დონიდან 2819 მ-ზე მდებარეობს. მის კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია