უახლესი სამეცნიერო კვლევები მიუთითებს, რომ მცენარეთა საკომუნიკაციო სისტემები შეიძლება იმაზე უფრო კომპლექსური იყოს, ვიდრე წარმოგვედგინა.
უმეტესმა ჩვენგანმა იცის ახლად მოთიბული ბალახის სუნი. აქროლადი ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც ბალახოვანი მცენარეები გამოყოფენ და რომლებსაც ამ სუნთან ვაკავშირებთ — ახლომდებარე სხვა მცენარეებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი გზაა, რომ მტაცებელი, ამ შემთხვევაში მთიბავი იქაა და მცენარეების თავდაცვაში ცვლილებას იწვევს. სმენითი ნიშნების გამოყენების ნაცვლად, მცენარეები ქიმიურ კომუნიკაციას იყენებენ. თუმცა, მცენარეთა კომუნიკაცია მხოლოდ აქროლადი ნივთიერებებით არ მთავრდება. აღმოჩნდა, რომ მცენარეები შეტყობინებას გზავნიან ფესვებით, ელქტრული სიგნალებით, მიწისქვეშა სოკოების ქსელით და ნიადაგის მიკრობებით. მაგალითად, ელექტროფიზიოლოგია შედარებით ახალი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც სწავლობს, როგორ ამყარებენ ელექტრული სიგნალებით მცენარეები ერთმანეთში კომუნიკაციას და როგორ ხდება მათი ინტერპრეტირება. დიდი მიღწევებით ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტში, ბოლო წლებში ამ დარგის წინსვლა მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
მეცნიერები შეიძლება მნიშვნელოვან აღმოჩენათა ზღვარზე იყვნენ, თუ გავითვალისწინებთ ბოლოდროინდელ წინსვლას მცენარეებში ელექტრული სიგნალებით კომუნიკაციის ინტეგრირებაში, რასაც თანამედროვე სათბურებში აკეთებენ მორწყვის კონტროლისა და საკვებ ნივთიერებათა დეფიციტის კონტროლის მიზნით.
პატარა, დაახლოებით აკუპუნქტურის ნემსების ზომის ელექტრული ზონდების გამოყენებით, მეცნიერებმა შეამოწმეს, რამდენად არის ელექტრულ სიგნალთა ცვლილებები დაკავშირებული მცენარის მდგომარეობასთან — მაგალითად, წყლისა და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებასთან და სინათლის გარდაქმნასთან მნიშვნელოვან შაქრებად.
მალე შეიძლება მცენარეთა ენის სრულად გადათარგმნაც შევძლოთ.
მცენარეებს შორის ერთმანეთში დიდი კომუნიკაცია მიწის ქვეშ ხდება, რასაც სოკოების დიდი ქსელი, სახელად „ხის ფართო აბლაბუდა“ აადვილებს. სოკოების ეს ქსელი მიწის ქვეშ აკავშირებს ხეებს და მცენარეებს, რაც მათ რესურსების გაზიარების საშუალებას აძლევს, მაგალითად, წყლის, საკვები ნივთიერებებისა და ინფორმაციის. ამ სისტემის მეშვეობით, ბებერი ხეები ახალგაზრდებს ზრდაში ეხმარებიან და ერთმანეთს აფრთხილებენ საფრთხეების, მაგალითად, მავნებელთა შესახებ.
ეს ყველაფერი ხეებისა და მცენარეებისთვის მიწისქვეშა ინტერნეტს ჰგავს, რომელიც მათ ერთმანეთთან კომუნიკაციაი ეხმარება. ქსელი ფართოა და მიჩნეულია, რომ ამ გზით ერთმანეთთან კავშირშია მცენარეთა 80 პროცენტზე მეტი და შედეგად, ის მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საკომუნიკაციო სისტემაა.
ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვაკავშირებს ინტერნეტი და გვაძლევს ცოდნას, ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე, „ხის ფართო აბლაბუდა“ მცენარეებს სიმბიოზური სოკოების გამოყენების საშუალებას აძლევს, რათა მოემზადონ გარემოს ცვლილებისთვის.
თუმცა, ნიადაგის დაზიანება ქიმიური ნივთიერებებით, ტყის ჩეხვითა და კლიმატის ცვლილებით, ამ საკომუნიკაციო კვანძებს შლის, ქსელებში არღვევს წყლისა და საკვები ნივთიერებების ციკლებს და შედეგად, მცენარეები ნაკლებად ინფორმირებული და დაკავშირებული ხდებიან. ამ მიმართულებით ჯერ ბევრი კვლევა არ ჩატარებულა.
ცნობილია, რომ მცენარეების რეაგირებადი ქცევა, მაგალითად, თავდაცვითი რეაგირებები და გენების რეგულაცია, შეიძლება მათივე სოკოების ქსელმა შეცვალოს, თუკი ისინი მასთან დაკავშირებული არიან.
შესაბამისად, კომუნიკაციის ასეთმა გათიშვამ ისინი შეიძლება უფრო მოწყვლადი გახადოს და გაართულოს ეკოსისტემების დაცვა-აღდგენა მთელ მსოფლიოში. ამ ძლიერ კომპლექსური ქსელების შესახებ მეცნიერებმა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იციან.
ცნობილია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა კითხვა ისწავლონ, რათა გარესამყაროში ნავიგაცია შეძლონ. ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ არ გავთიშოთ მცენარეთა კომუნიკაცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი კეთილდღეობა და არსებობა მცენარეებზეა დამოკიდებული.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
წყარო: 1tv,ge