Skip to content Skip to footer

პარიზს ურბანული განვითარების ახალი გეგმა აქვს

პარიზს ურბანული განვითარების ახალი გეგმა აქვს. ახალი კანონდათქმით, საფრანგეთის დედაქალაქში 12 სართულზე მეტი, ანუ 37 მეტრზე მაღალი შენობების აშენება აიკრძალა.

აკრძალვა პარიზელების მოთხოვნით დაწესდა. მოსახლეობა უკმაყოფილოა პირამიდის ფორმის ცათამბჯენ Tour Triangle-ის მშენებლობით, რომელიც ქალაქში ყველაზე მაღალი მესამე შენობა იქნება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მაღალი შენობები ქალაქის არსებულ არქიტექტურულ იერსახეს ამახინჯებს.

ახალი აკრძალვით ქალაქდაგეგმარების ძველი კანონი ბრუნდება, რომელიც 1977 წლიდან 2010 წლამდე მოქმედებდა. ეს კანონი დაინერგა 210 მეტრ სიმაღლის საოფისე კოშკის, Tour Montparnasse-ის მშენებლობის დროს, რასაც მაშინაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

სხვათა შორის, ქალაქების ავთენტური ისტორიული სახის შენარჩუნებას ევროპის სხვა ქვეყნებშიც ცდილობენ. მაგალითად, 2020 წელს პრაღამ ისტორიულ უბანში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლების სიმაღლის კვოტა, თითქმის, გაანახევრა და 36 მეტრამდე შეამცირა. 2020 წლამდე აქ 66-მეტრიანი შენობების აშენება იყო ნებადართული.

გადაწყვეტილება ჩეხეთის კულტურის სამინისტრომ და პრაღის ხელისუფლებამ UNESCO-ს 2017 წლის ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ მიიღო, რომ მაღალსართულიანი შენობები პრაღის ისტორიულ იერსახეს დაარღვევდა და ქალაქი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს დაკარგავდა.

პრაღამ ეს სტატუსი 1992 წელს მიიღო.

რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისში მშენებლობის დასაშვები სიმაღლის ნორმა არ არსებობს. თავდაპირველად ჩვენ ამ მონაცემის მოძიება საკანონმდებლო მაცნეზე ვცადეთ, თუმცა ვერ ვიპოვეთ. მოგვიანებით “აგრო სიახლეებს” საქართველოს მენაშენეთა ასოციაციაში დაუდასტურეს, რომ ასეთი ნორმა დედაქალაქის სამშენებლო რეგულაციებში არ არსებობს და დამოკიდებულია ლანდშაპტზე, ინტენსივობაზე, სეისმიკაზე, ისტორიულ ზონაზე და ა.შ.