Skip to content Skip to footer

პროექტის “შავი ზღვის აუზის ქვეყნების მეწარმე ქალთა კავშირი – ქალთა გაძლიერება ტურიზმის სფეროში” საბოლოო ანგარიშის მიმოხილვა

ქალთა მეწარმეობა წარმოადგენს ახალ, მზარდ სექტორს გლობალურ ბიზნეს გარემოში და რეალურ მამოძრავებელ ძალას თანამედროვე ეკონომიკაში. ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სექტორს შავი ზღვის აუზის რეგიონში არსებული ბუნებრივი რესურსების გამო. როგორც კვლევები გვიჩვენებენ, რომ ტურიზმი იქცა შემოსავლების ერთ-ერთ მთავარ გენერატორად როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, იგი ქმნის სამუშაო ადგილებს, ბიზნეს ქსელებს, საფინანსო ინსტიტუტებს და კულტურას, თუმცა შავი ზღვის რეგიონში მას გააჩნია გამოუყენებელი პოტენციალი. ტურიზმი ქალებს წინსვლის მეტ შესაძლებლობებს აძლევს, ვიდრე ეკონომიკის სხვა დარგები, რაც ამ სექტორს ანიჭებს განსაკუთრებულ პასუხისმგელობას . მეწარმეთა მხოლოდ 32% არის წარმოდგენილი ტურისტულ სექტორში ქალებით და ხელსაყრელი შესაძლებლობები იფლანგება იმ პირობებში, როცა ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს ევროპის ყველა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მეწარმეობაში დასაქმებული – 313,7 ათასი ქალიდან ტურიზმში დასაქმებულია მხოლოდ 18,7 ათასი (6.0%) ქალი, მაშინ როცა მეწარმეობა განიხილება ჩვენს ქვეყანაში როგორც ეკონომიკური წარმატების საკვანძო მამოძრავებელი ინსტრუმენტი.

შავი ზღვის აუზის ქვეყნები სხვადასხვა პოლიტიკურ ინსტრუმენტებსა და პროექტებს მიმართავენ მეწარმე ქალთა რიცხვის გასაზრდელად. ძალზე ცოტა ქვეყანამ მიიღო მკაფიო პოლიტიკა ქალთა წასახალისებლად.

როგორც პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ქალებს აქვთ საერთო პრობლემები ბიზნესის განვითარებაში, დაკავშირებული ძირითადად საფინანსო და სამარკეტინგო საკითხებთან. რესპონდენტთა უმრავლესობამ ყველა ქვეყანაში აღნიშნა, რომ მათ სჭირდებათ უნარების და კომპეტენციების ამაღლება ტურისტული ბიზნესის საწარმოებლად. კვლევის შედეგების მიხედვით ქალების უმეტესობას ქონდათ უფრო დაბალი რეიტინგი შემდეგ უნარებში: ბიზნეს გეგმების შედგენა, მარკეტინგი და რეკლამა, საერთაშორისო მარკეტინგი, გაყიდვების უნარი, ფანდრაიზინგი, სოციალური მეწარმეობა, ტურისტული პროდუქტის შექმნა, ადგილობრივ საზოგადოებრივ პროგრამებში და ღონისძიებებში ჩართვა, მდგრადი ტურისტული პრინციპების ცოდნა და ა.შ. ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ თუ როგორ მართონ და გააფართოვონ ეფექტიანად საკუთარი ბიზნესი და განავითარონ რეგიონი ,როგორც მიმზიდველი ტურისტული ადგილი ციფრული ტექნოლოგიების და მარკეტინგული საშუალებების გამოყენებით.
ნინო ელიზბარაშვილი, ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესი“ განმარტავს: ,,პროექტის შედეგად შავი ზღვის აუზის რეგიონში ქალთა მეწარმეობის და მდგრადი თანამშრომლობის განსავითარებლად შეიქმნა საქმიანი ქსელი ,რომელიც ტრენინგების და ქსელური მუშაობის დამკვიდრებით ხელს შეწყობს ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გახსნას, დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა ქალთა სამეწარმეო სფეროში არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში დასაქმებულ მონაწილე კომპანიებს შორის, არამედ პროექტში ჩართული ქვეყნების(საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი, სასომხეთი) ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორისაც . ქალებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობა მათ მიერ წარმოებული ტურისტული პროდუქტების საერთაშორისო ბაზარზე გატანისთვის. ამასთან ტრენინგებზე მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული სამეწარმეო უნარების გამოყენებით მეწარმე ქალები ტურისტებისათვის მაღალი ხარისხის სერვისის და უნიკალური ქართული მრავალფეროვნების შეთავაზების გზით შესძლებენ ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის დაძლევას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში“.

პროქტის სხვადასხვა აქტიობებში ჩართული იყო 500 დამწყები და მოქმედი მეწარმე ქალი.