Skip to content Skip to footer

რეგიონებში კადრები ენერგეტიკაში გადამზადდება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ  USAID „დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის“ პროგრამასთან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტს „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“, რომლის დაწყების ოფიციალური ცერემონია სტეფანწმინდაში გაიმართა, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, ამასთან სახელმწიფოს მხრიდან პროექტის იმპლემენტაციაში რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული. 

პროექტის დასრულების შემდეგ, 33 კვალიფიციური ტრენერი შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით , ხოლო პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე 250 მსურველი გადამზადდება საქართველოს 8 რეგიონში. საერთო ჯამში, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, პროგრამა აჩენს 1300 მდე მსურველის გადამზადების შესაძლებლობას, რაც უპასუხებს ამ ტიპის კვალიფიციური კადრების პრობლემასთან დაკავშირებულ გამოწვევას.

ღონისძიების პირველ ნაწილს დარიალი ჰესმა გაუწია მასპინძლობა, შესაბამისად პროექტის მონაწილეებს ჰესის უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობის, გვირაბებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიების გახსნის ცერემონიას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი და  პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.

„განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების ინიციატივა“ ორი სასწავლო პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ითვალისწინებს, რომელთა შორისაა ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელ სასწავლო ტრენინგ პროგრამა და მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის კურსი.