Skip to content Skip to footer

რთველი წელსაც სუბსიდირდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წლევანდელი რთველისთვის 50 მილიონ ლარს გამოყოფს. წინა წლებთან შედარებით, წელს რთველის სუბსიდირება 15 თეთრით არის შემცირებული. გასულ წლებში ყურძენი 35 თეთრით სუბსიდირდებოდა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ექსპორტი იზრდება, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.

მთავრობა, კლიმატური პირობების გამო, წელს ყურძნის მოსავლის ნაწილის არასათანადო ხარისხს ელის, თუმცა, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება. იმ ყურძენს კი, რომელსაც კერძო კომპანიები არ ჩაიბარებენ, სახელმწიფო კომპანია შეისყიდის. 

ყურძნის სუბსიდირება 2008 – 2022 წლებში ბიუჯეტს 436.6 მილიონი ლარი დაუჯდა. მხოლოდ შარშან, 2022 წელს, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო.

სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა მთავრობის საკუთრებაში არსებული მოსავლის მართვის კომპანიის განაცხადი 2023 წლის რთველის განმავლობაში 60-70 ათასი ტონა ყურძნის 60 მილიონ ლარად შესყიდვაზე. რამდენს დაამატებს მთავრობა შესყიდვის ფასს, ჯერ უცნობია.

რამდენად სწორი და გამართლებულია ყურძნის რეგულარული სუბსიდია? სექტორის რეალური დახმარება თუ პოლიტიკური იარაღი? რატომ არ გამოდის სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან? აქვს თუ არა ეკონომიკური ეფექტი სუბსიდიას? მევენახეების, მეღვინეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის პასუხები ამ კითხვებზე მოისმინეთ აქ ?