Skip to content Skip to footer

როგორი იქნება ლარის კურსი ამ კვირაში – მოკლევადიანი პროგნოზი

“აგრო სიახლეებს” ეკონომისტი ნიკა შენგელია უხსნის, რომ ლარის კურსზე გავლენა აქვს სტატისტიკასაც, რომელმაც აჩვენა, რომ ერთწლიან ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) შემცირებულია 64%-ზე მეტით. ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ყველაფერი ნორმაშია. მისივე მტკიცებით, დღეს სახეზე გვაქვს ლარის პოლიტიკური კურსი, რაც მოიტანა “რუსულმა კანონმა.”
ბაზრის დასტაბილურებისთვის, შენგელიას აზრით, აუცილებელი იქნებ ეროვნული ბანკის ჩარევა.

“თუ იმ კვირის ოთხშაბათს ლარის კურსი დოლართან ვერ ჩამოვიდა 2.85-იან ნიშნულს დაბლა, მაშინ მოსალოდნელია, რომ ლარი დოლარტან 2,95 მდე გაუფასურდება. მიმდინარე კვირის განმავლობაში კი ლარის კურსი დოლართან 2.85 ნიშნულს მაღლა შენარჩუნდება” – ამბობს ნიკა შენგელია.

შეგახსენებთ, 2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა. სებ-ის განმარტებით, ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.

“ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის,” – განმატებულია სებ-ის განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის “დასაჭერად” სამჯერ გაყიდა აუქციონზე დოლარის რეზერვები. პირველად 16 მაისს 60 000 000 დოლარი, შემდეგ 28 მაისს 48 700 000 დოლარი და დღეს 11 ივნისს 60 000 000 დოლარი. ლარის კურსის “დასაჭერად” ბოლო ერთ თვეში რეზერვებიდან 168 700 000 USD დაიხარჯა.