Skip to content Skip to footer

რუსეთი ღვინის იმპორტზე გადასახადის ზრდას გეგმავს

რუსეთის ხელისუფლება იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადის გაზრდას განიხილავს, რაც ადგილობრივი მწარმოებლების სტიმულირებისთვის კეთდება. ინფორმაციას „როსიისკაია გაზეტა” ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ალექსეი საზანოვის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად რუსეთის შიდა ბაზარზე იმპორტირებულ ღვინოზე გადასახადი 12,5%-ს შეადგენს. საზანოვის ცნობით, ამ პროცენტული ოდენობის შესაძლო ცვლილების შესახებ განხილვაში ფედერაციის არაერთი უწყება, მათ შორის ფინანსთა და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროები მონაწილეობენ. ამასთან, ის განმარტავს, რომ რუსეთში უცხოური ღვინის იმპორტის სრულ აკრძალვას მთავრობა არ აპირებს.

შეგახსენებთ, საქართველო რუსეთში ღვინის პირველი იმპორტიორი ქვეყანა გახდა. ფედერალური საბაჟო სამსახურის ბოლო მონაცემებით, იანვარ-მაისის პერიოდში საქართველომ რუსეთში ღვინის მიწოდებით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა.

კერძოდ, საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი, იტალიიდან კი 23,36 მლნ ლიტრი ნატურალური ღვინო შევიდა. საქართველოდან წლიური იმპორტი 63%-ით, ხოლო იტალიიდან 31%-ით გაიზარდა. შედეგად, რუსეთში ღვინოების მიწოდებაში საქართველოს წილმა მოცულობით 19,1%-ს, იტალიის წილმა კი 18,5%-ს მიაღწია.

რაც შეეხება, საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ღვინის ექსპორტს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-მაისში ქვეყნიდან გავიდა 103,252 მლნ დოლარის ღირებულების 35 568 ტონა ღვინო, აქედან რუსეთში 69,009 მლნ დოლარის ღირებულების 25 235 ტონა. რაოდენობის მიხედვით, რუსეთზე მოდის ქართული ღვინის ექსპორტის 71%, ხოლო ფულად გამოსახულებაში ჭვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება თითქმის 67%-ია.