Skip to content Skip to footer

რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი იქმნება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტო (SIDA)-თან ერთად, პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ჭალის ტყის აღდგენა-განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის წევრებთან ერთად, სტრატეგიის დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული გეგმა უნდა შემუშავდეს.

„ჩვენ უკვე გვაქვს პირველადი დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალური გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარება. დავიწყეთ ჭალის ტყის აღდგენაზე ზრუნვა, უახლოეს პერიოდში შემუშავდება დეტალური გეგმა. სწორედ ამ გეგმაში იქნება ასახული თუ როგორ უნდა აღდგეს და განვითარდეს რუსთავის უნიკალური ჭალის ტყე“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

იმისთვის, რომ ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული ყოფილიყო რუსთავის მუნიციპალიტეტის მოქალაქეების ინტერესები, პროცესის ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის, რუსთავის მერიამ, სათათბირო დემოკრატიის ინსტრუმენტის – „მოქალაქეთა ასამბლეის“ ჩართულობის ამ ფორმის გამოყენების შედეგად, ჭალის ტყესთან დაკავშირებით, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა მოსაზრებებისა და ხედვების გაცნობა და სტრატეგიის მომზადების პროცესში მათი გამოყენება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროექტს „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის დაფინანსებით. პროექტი არის საკმაოდ დიდი და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, ერთ-ერთია ჭალის ტყეების განვითარება-აღდგენის გეგმების შემუშავება. მათ შორის არის რუსთავის ჭალის ტყეების განვითარების გეგმის შემუშავება. ჩვენ უკვე დავასრულეთ რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიის შემუშავების პირველი ფაზა და შემდეგი ფაზა იქნება განვითარების დეტალური გეგმის შემუშავება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის – „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ მენეჯერმა ნათია ბერიძემ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარე ჭალის ტყეს, რომლის ფართობი 320 ჰექტარია 90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, სერიოზული ზიანი მიადგა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭალის ტყე გარეშე ჩარევის გარეშე ნაწილობრივ აღდგა, თუმცა არ არსებობდა მისი განვითარების ჩამოყალიბებული სტრატეგია, შესაბამისად, ეს სივრცე ნაკლებადაა ათვისებული და რუსთავის მოსახლეობა მას, ფაქტობრივად, ვერ იყენებს. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყე-პარკის ტერიტორია მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტს ექნება ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი 320 ჰექტარი ტერიტორიისთვის, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეული 160 ჰექტარი სივრცისთვის დეტალური განაშენიანების გეგმა შეიქმნება.