Skip to content Skip to footer

სავაჭრო ობიექტები ვარგის სურსათს სურსათის ბანკს გადასცემენ

საშუალოსტატისტიკური ევროპელი ყოველწლიურად 131 კილოგრამ საკვებს ყრის. ევროპის სტატისტიკის სააგენტოს, Eurostat-ის მონაცემებით, ამ საკვები ნარჩენების ნახევარზე მეტი სახლის ნაგვის ურნაში ხვდება, ხოლო დანარჩენი კაფეებში, სუპერმარკეტებსა და ქარხნებში წარმოიქმნება. “ევროსტატის” მიხედვით, ყველაზე მეტი საკვები ბელგიაში, დანიასა და პორტუგალიაში იყრება. ყველაზე ნაკლები ნარჩენი კი სანაგვეზე სლოვენიაში, ხორვატიასა და შვედეთში ხვდება.

გარდა იმისა, რომ განადგურებული პროდუქტი, შესაძლებელია, ადამიანების საკეთილდღეოდ იქნას გამოყენებული, ცნობილია, ნაგვად ქცეული პროდუქტი საგრძნობლად აზიანებს გარემოს.

მორჩენილი საკვები პროდუქტების მიზნობრივად ასათვისებლად მალე საქართველოში სურსათის ბანკი ამოქმედდება, საიდანაც საკვების გატანას უსასყიდლოდ ყველა ის ადამიანი შეძლებს, ვისაც ამის საჭიროება გააჩნია.

ინიციატივაში ჩართული არიან როგორც საკვების მწარმოებელი კომპანიები, ასევე სარესტორნე ბიზნესი.

როგორ ხვდება ამ სიახლეს სარესტორნო ბიზნესი და არის თუ არა საკვების ნაგვის ურნაში მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეძენის შემდეგ რესტორნიდან მორჩენილი საკვების გატანა ეუხერხულება – ამის გასარკვევად რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე და თბილისის მაცხოვრებლები გამოვკითხეთ.