Skip to content Skip to footer

საზღვაო კურორტებზე ინსპექცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, საზღვაო კურორტებზე სახელმწიფო კონტროლი გაააქტიურა, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

„კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს.

აჭარის რეგიონში, ორი კვირის განმავლობაში, 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა. კრიტიკული შეუსაბამობა 15 ობიექტზე გამოვლინდა, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში არ შეიძინონ. ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც სურსათის უვნებლობის სტანდარტები არ არის დაცული; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს – 1501“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.