Skip to content Skip to footer

საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეურნეობამ, შესაძლოა, საქმიანობა შეაჩეროს

“არიკ ჯგუფმა” შესაძლოა საქმიანობა შეაჩეროს, – ამის შეასხებ კომპანიის მენეჯმენტმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არიკ ჯგუფი” საქართველოში 2013 წლიდან საქმიანობს და წლების განმავლობაში ქვეყანაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია გაანხორციელა: შეიძინა და იჯარით აიღო 3000 ჰექტარზე მეტი მიწა და განავითარა მაღალი ტექნიკური სტანდარტების სასოფლო მეურნეობა, 570 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე მოაწყო სარწყავი სისტემა, გააშენა დაახლოებით 500 000 ძირი ფისტის, კაკლის, ნუშის, ხე-ხილის პლანტაცია და ვენახი. ჯგუფი მილიონობით ლარს ხარჯავს ხეების მოვლასა და მეურნეობის შენახვაში და ასაქმებს 200-მდე ადამიანს.

როგორც კომპანიის დირექტორი აფზალ რავარი განმარტავს, ყოფილი მენეჯმენტისა და ტერიტორიის ნაწილის პოტენციური მყიდველების მიერ მეურნეობისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შედეგად, დაზიანდა ხეები და ნარგავები, რის გამოც არიკ ჯგუფმა სასამართლოს მიმართა. შედეგად, მეორე მხარეს დაეკისრა 4 568 600 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება. თუმცა აღნიშნული საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, აპელაციას კი შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. იმავე მოპასუხის მიერ შემოტანილი აბსურდული და უსაფუძვლო სარჩელის გამო, 2023 წლის 16 მარტს სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის სახით აკრძალა კომპანიის მიწების გასხვისება და გამოყენება უზრუნველყოფის საშუალებად. შედეგად, კომპანია მოკლებულია საშუალებას აიღოს სესხი და გაუმკლავდეს რეგიონში განვითარებული სტიქიური მოვლენების და წყალდიდობის შედეგებს.

“მოსარჩელეს საქართველოში არანაირი ქონება არ გააჩნია, ამიტომ მას შემდეგ, რაც გამოჩნდება, რომ ჩვენი მიწების შეზღუდვა უსაფუძვლოდ მოხდა, ჩვენს ზარალს ვერავინ აანაზღაურებს. ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა, კერძოდ, მოსარჩელე მხარისთვის ზიანის თანხის დეპონირების დავალება. თუმცა, გაოცებული და იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს სასამართლოები საშუალებას აძლევენ მხარეს, მოახდინონ ბიზნესის პარალიზება და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი სასოფლო მეურნეობა დააყენონ რისკის ქვეშ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის გამო ისეთი მხარის სასარგებლოდ, რომელსაც არანაირი რესურსი არიკ ჯგუფის ზიანის საკომპენსაციოდ არ აქვს. ასევე სამწუხაროა, რომ სასამართლოებს არ შეუძლიათ ეფექტურად და დროულად გადაწყვიტონ დავები იმისათვის, რათა არ შეფერხდეს საქართველოში წარმოებული ბიზნესი. 

წინამდებარე წერილის მიზანია, საზოგადოებას აცნობოს იმ ნეგატიური მოვლენების შესახებ, რომლებიც ხდება საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს სასოფლო მეურნეობაში. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები და ინვესტორები, ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოში სასოფლო მეურნეობების და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისადმი.

ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი სექტორების დაცვა გადამწყვეტია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წარმატებისთვის. მეტიც, დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოოდ, საქართველოს სასამართლო დაიცავს ჩვენს უფლებებს და გაითვალისწინებს ჩვენთვის მოყენებული ზიანის ადეკვატურ კომპენსაციას.

განუჭვრეტადი, უსამართლო, აშკარად არაეფექტური და გაჭიანურებული პროცესების გამო, არიკის დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ ინვესტიციები მეურნეობაში: კომპანიის ოპერირება შეჩერდება და ნახევარ მილიონზე მეტ ხეს და მეურნეობას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი. ცხადია, სამწუხაროდ, არიკის თანამშრომლები დარჩებიან სამსახურის, ხოლო მათი ოჯახები – შემოსავლის გარეშე. მდგომარეობის გამოსწორების იმედად, დამფუძნებლებმა დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია კიდევ განახორციელეს მეურნეობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ისევ ვერ ხედავენ წინგადადგმულ ნაბიჯებს. მუდმივად ინვესტირების პროცესი ვერ გაგრძელდება, შესაბამისად, მფლობელების მიერ  დამატებით პირდაპირი ინვესტიციების განხორციელება წყდება,” – აცხადებს “არიკ ჯგუფის” დირექტორი აფზალ რავარი.