Skip to content Skip to footer

რამდენად საშიშია ფუგუს “სტუმრობა” შავი ზღვის ქართულ არეალში – დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების რეალური რისკები შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკისთვის

ბოლო 3-4 დღეა ეკოლოგების, გარემოსდამცველებისა და იხტიოლოგების ყურადღება მიიპყრო იქთიოლოგ არჩილ გუჩმანიძესა და გარემოს ერობნულ სააგენტოს შორის კამათმა თემაზე, – ნამდვილად ფიქსირდება თუ არა საქართველოს ტერიტორიალურ წყლებში ტოქსიკური თევზი ფუგუ, რომლის ინვაზიამ ჩვენს ზღვაში, გუჩმანიძის მტკიცებით, შეიძლება გავლენა მოახდინოს თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე.  სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ხმელთაშუა ზღვაში მისმა არსებობამ მეთევზეებისთვის უკვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მისი ინვაზიის შემთხვევაში, გუჩმანიძე დარწმუნებულია, რომ შავი ზღვაშიც დიდი იქნება ეკონომიკური ზარალი. მისივე თქმით, ეს თევზი საშიშია ადამიანებისთვისაც. გარემოს ეროვნული სააგენტო კი ამტკიცებს, რომ საქართველოს შავ ზღვის აკვატორიაში საშიში თევზი არ დაფიქსირებულა.

სად არის რეალურად სიმართლე ფუგუს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით? – საქმე გვაქვს რისკის გაზვიადებასთან, თუ, პირიქით, სახელმწიფო (გარემოს ეროვნული სააგენტო) ვერ აფასებს რისკებს სათანადოდ? ზოგადად რა პრობლემები აქვს შავ ზღვას, რომელიც მის ბიომრავალფეროვნებას, თევზჭერას, ზოგადად, ზღვის ლურჯ ეკონომიკას, უქმნის საფრთხეს? რამდენად არის გაცნობიერებული კლიმატის ცვლილების რისკები ზღვაში და არის თუ არა შესაბამისი პოლიტიკა, კლიმატგონივრული აქტივობები, გაწერილი რისკების მინიმალიზებისთვის და რესურსების შენარჩუნებისთვის, აკვაკულტურის, თევზჭერის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, თუ ზღვასთან დაკავშირებულ რიგ სტრატეგიებში, რომლებიც ზოგი უკვე დამტკიცებულია, ზოგზე მუშაობა ახლა მიდის? – ესაა კითხვები, რომელზეც ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, გარემოს დავცისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ და, შესაბამისად, მოვიკითხეთ დარგობრივ ექსპერტებთან.

როგორც “აგრო სიახლეებს” ნათია კოპალიანი, ცხოველთა ქცევის, ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის პროფესორი, უხსნის, ფუგუს დაფიქსირების ერთეული შემთხვევები შავი ზღვისთვის იმხელა პრობლემა არ არის, როგორიც მისი დაბინძურების მაღალი დონე და უმართავი, დაუბალანსებელი, უკონტროლო თევზჭერაა. პროფესორის თქმით, არც ადამიანისთვისაა ფუგუ ისეთი საშიში, როგორიც ჰგონიათ. კოპალიანი “აგრო სიახლეებთან” ხაზს უსვამს, რომ შავ ზღვაში მასზე არანაკლები ტოქსიკური თევზები ბინადრობენ და აქამდე მათ ადამიანებისთვის პრობლემა არ შეუქმნიათ.

ნათია კოპალიანის თქმით, ფუგუ საქართველოს წყლებში მეორეჯერ გამოჩნდა, თუმცა პირველი შემთხვევიდან დიდხნიანი ინტერვალით, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ შავი ზღვის ჩვენს ნაწილს ის სულაც ვერ ეგუება, ამიტომ, ნებისმიერი რისკის წამოწევას, როგორც კოპალიანი ამბობს, სჭირდება მოკვლევა, მოდელირება და არგუმენტირებული დასაბუთება. ცხოველთა ქცევის, ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის პროფესორი ხაზს უსვამს, რომ შავი ზღვა ცოცხალი ორგანიზმია და ცოცხალი ორგანიზმების როტაცია, შემოსვლა-გასვლა, ბუნებრივი და ნორმალურია, თუმცა, მონიტორინგი ინვაზიურ რისკებზე აუცილებელია. კოპალიანის განმარტებით, მონიტორინგიც, კვლევაც და რისკების შეფასებაც ცალსახად გარემოს ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა. რამდენად ართმევს თავს სააგენტო ამ მოვალეობას, სპეციალისტს ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ისიც, რომ შეფასდეს კლიმატის ცვლილების რისკები ზღვისთვისაც და ხმელეთისთვისაც. შავ ზღვასთან დაკავშირებით კი, როგორც ცხოველთა ქცევის, ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის პროფესორი გვეუბნება, თევჭერასთან და დაბინძურებასთან დაკავშირებული გონივრული პოლიტიკა ჯერ არ ჩანს. სპეციალისტისთვის ამ დრომდე უცნობია რის საფუძველზე დგინდება თევზჭერის კვოტები და ზღვის დაბინძურების შემცირების რა გეგმა აქვს ქვეყანას?

ფუგუს რისკისა და ზოგადად ზღვაში გლობალური დათბობის საფრთხეზე გავესაუბრეთ სანაპიროს მართვისა და გარემოს დაცვის ექსპერტსაც. მამუკა გვილავას შეფასებით, ფუგუსთან დაკავშირებული კამათი გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და რიგით ექსპერტს შორის ნორმალურია, თუმცა, მისი მტკიცებით, კლიმატის ცვლილების რისკებზე როცა ვსაუბრობთ, საქმე მხოლოდ ერთ თევზს კი არ ეხება, ამ კონტექსტში პრობლემებისა და გამოწვევების მთელი კასკადი გვაქვს, რომლებზეც მუშაობა ქვეყანას დაწყებულიც კი არ აქვს. ამიტომაც სპეციალისტს მიაჩნია, რომ ახლა ერთ თევზზე “კინკლაობის” დრო არ არის და ყველა უნდა გაერთიანდეს იმ სააფრთხეების მინიმალიზებისთვის, რაც რეალურად სულ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ და ჩვენი შვილების თაობას სწორედ კლიმატის ცვლილების გამო დაუდგება. მამუკა გვილავა შიშობს, “ერთი თევზის ძიებაში არ გამოგვრჩეს ბევრად უფრო მინიშვნელოვანი და ეგზისტენციალური საკითხები”, მაგალითად, როგორიცაა, ტემპერატურის ზრდა და თბური ტალღები ზღვაში, რომელსაც საქართველო ვერც კი ზომავს. სპეციალისტი ფიქრობს, რომ აუცილებელია, ქვეყანამ ერთი საზომი მაინც შეიძინოს. მისივე აზრით, აუცილებელია, გავწევრიანდეთ “ევროარგოშიც”. გვილავა გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს, ექსპერტებთან დისკუსიაში შესვლის ნაცვლად, ამ მხრივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები.

ზღვაში კლიმატის ცვლილების რისკებიდან მეორე პრობლემაა ევტროფიკაცია, რაც წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვებას ნიშნავს ანთროპოგენური და ბუნებრივი ფაქტორების მეშვეობით. საწყის ეტაპზე ის იწვევს წყლის აუზების ბიოლოგიური პროდუქციულობის გაზრდას, შემდეგ კი ჟანგბადის პროგრესირებად უკმარისობას და აქედან გამომდინარე, ცოცხალი ორგანიზმების მასიურ დაღუპვას. მამუკა გვილავა იხსენებს რამდენიმე წლის წინანდელ ფაქტს, როცა სწორედ ეს შემთხვევა გვქონდა გრიგოლეთსა და ქობულეთიდან აფხაზეთამდე ზღვისპირა ზოლში. ჟანგბადის ნაკლებობა, როგორც წესი, როგორც მამუკა გვილავა გვიხსნის, ზრდის მკვდარ ზონებს ზღვაში. ევტროფიკაცია, სპეციალისტის თქმით, იწვევს ბიომრავალფეროვნების სტრესს, რაც ავტომატურად მეთევზეობის სტრესში გადაიზრდება. შავი ზღვის მეთევზეობა რომ უკვე სტრესს განიცდის, მამუკა გვილავას თქმით, თურქი მეთევზეები ამაზე დიდი ხანია ხმამაღლა ლაპარაკობენ. ის თურქი მეთევზეები, საქართველოს ტერიტორიალურ წყლებში რომ თევზს იჭერენ, თანაც, ბევრჯერ მეტს, ვიდრე ქართველი მეთევზეები.

ინვაზიური სახეობები და გამჟავიანება იმ რისკთა შორისაა, რასაც შავ ზღვაში კლიმატის ცვლილება აძლიერებს, თუმცა, მამუკა გვილავა ფიქრობს, რომ ვიდრე თევზებამდე მივალთ, საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ მეტი და აქ ზღვის დონის მატების რისკი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზღვისპირა ქალაქების ინტენსიური განაშენიანება ამ რისკის სრული უგულებელყოფით მიდის, რაც დიდი საფრთხის მატარებელია.

თევჭერა საქარველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის და ქვეყნისთვის, რომელსაც 26 ათასზე მეტი მდინარე, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავი აქვს, სოციალუირი დატვირთვის მატარებული ეკონომიკური სექტორია, რომელსაც ასევე ტურიზმთანაც აქვს მჭიდრო ბმა. ამის გააზრება მხოლოდ ერთი მუნიციპალუტეტის, თუნდაც ფოთის მაგალითზეც შეიძლება.

რაც შეეხება, შავი ზღვის დაბინძურებას, ეს რომ მრავალმხრივი და ძალიან სერიოზულესი პრობლემაა, ესეც ყველაზე უკეთ ფოთში ჩანს. შავი ზღვის ეკოლოგიას კიდევ უფრო ამძიმებს რიონის დაბინძურება. ეს მდინარე რამდენიმე მუნიციპალიტეტს გადის და ყველა ქალაქისა თუ სოფლის “სიმდიდრე” აქ ჩამოაქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, ფოთის სანაპიროზე ბლომადაა სამედიცინო ნარჩენებიც, რაც განსაკუთრებულად საშიშია. ადგილობრივების თქმითვე, თევზის საწარმოები ცხიმოვან ნარჩენებს სწორედ რიონში ღვრიან. ეს ყველაფერი კი მდინარის იქთიოფაუნას და იქთიოფლორას ანადგურებს, რადგან შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს (როგორც ადგილობრივები ამბობენ), როგორ აქვს აპკივით მდინარის წყალს ცხომოვანი ფენა გადაკრული, რაც ჟანგბადს არ ატარებს და სუნთქვის შესაძლებლობას ართმევს ცოცხალ არსებებს მდინარის წყლის სიღრმეში. ერთ-ერთი გამოსავალი რიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინტერმუნიციპალური მიდგომაა.

ცალკეა ისეთი გლობალური პრობლემა, როგორიცაა, ზღვაში ნავთობის ჩაღვრა, რომელზეც მეტ ინფორმაციას გაეცნობით “აგრო სიახლეების” ამ გადაცემაში 👇