Skip to content Skip to footer

სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად მიდიან საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოებზე – კვლევა

„ახალგაზრდების თითქმის 40% აცხადებს, რომ ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ“,- ამის შესახებ „დამოუკიდებელი საქართველოს თაობა: იმედებსა და გაურკვევლობას შორის – ახალგაზრდობის კვლევა 2023“-ში არის აღნიშნული.

გამოკითხვის მიხედვით, თანატოლებთან შედარებით, ამგვარი გამოცდილება უფრო მეტად მამაკაცებს, 25-29 წლის, ქალაქის ტიპის დასახლებებში მცხოვრებ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს აქვთ. საზღვარგარეთ ნამყოფი ახალგაზრდების მხოლოდ ერთი მეხუთედი ამბობს, რომ ქვეყანა ექვს თვეზე მეტი ხნით დატოვეს.

კვლევის მიხედვით, მოგზაურობის გამოცდილების მქონე ახალგაზრდების 46% იმყოფებოდა საზღვარგარეთ სასწავლებლად და/ან სამუშაოდ. მსგავსი გამოცდილება უფრო მეტად მამაკაცებს, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებლებს, 25-29 წლის და ეთნიკურად ქართველ ახალგაზრდებს აქვთ.

ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ იმყოფებოდა, აღნიშნავს, რომ მოგზაურობდა უმეტესად მუშაობის მიზნით (62%).

ამასთან, საზღვარგარეთ მუშაობის გამოცდილება უფრო მეტად აქვთ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს (82%), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები უფრო ხშირად მიდიან საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოებზე.

კვლევის თანახმად, განათლების მიღების მიზნით საზღვარგარეთ წასვლის გამოცდილება ახალგაზრდების მხოლოდ მეხუთედს აქვს. ახალგაზრდები სხვა ქვეყანაში გადასვლის ორ მთავარ მიზეზად კი, უფრო მაღალი ხელფასის (57%) და უკეთესი განათლების მიღების (45%) შესაძლებლობებს ასახელებენ.

ამავე კვლევით დგინდება, რომ საქართველოში ახალგაზრდების 46%-ს ფინანსურად მშობლები უზრუნველყოფენ. რესპონდენტთა 37%-ს საკუთარი შემოსავალი აქვს, ყოველი ათიდან დაახლოებით ერთი ახალგაზრდა (12%) კი, ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა 7% სახელმწიფო დახმარებას იღებს, საოჯახო პენსიას 5%, ხოლო გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებთ მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.

ცნობისთვის, ახალგაზრდობის კვლევა ფრიდრიხ ებერტის ფონდმა პირველად 2016 წელს ჩაატარა, განმეორებით კი 2023 წელს.