Skip to content Skip to footer

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკეთებისთვის საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს 25 ევროს გადაუხდის

საფრანგეთის მთავრობა მოქალაქეებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაკეთებელ „სარემონტო ბონუსს“ გადაუხდის, რასაც ნარჩენების შემცირების ახალი პროგრამა ითვალისწინებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა ციტირებს საფრანგეთის გარემოს დაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივან ბერანჟერ კუიარის, რომელმაც ეს ფინანსური წახალისება პარიზის გონივრული მოდის ცენტრში ვიზიტის დროს დააანონსა. მისი თქმით, ოქტომბრიდან ფრანგებს საშუალება ექნებათ, მთავრობისგან 6-დან 25 ევრომდე კომპენსაცია მიიღონ ხარჯის დასაფარად, რაც სამკერვალოში ან მეწაღესთან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკეთებას დასჭირდება.

„ჩვენი მიზანი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემკეთებლების მხარდაჭერაა. ეს სახელოსნოებსა და საცალო მოვაჭრეებს სარემონტო მომსახურების შეთავაზებაზე წაახალისებს, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის,“ – ამბობს ბერანჟერ კუიარი.

ეს წამახალისებებლი ბონუსი 154 მლნ ევროს ფონდიდან გამოიყოფა, რომელიც მთავრობამ მომდევნო ხუთი წლისთვის გამოყო.

ამ პროგრამას ეკოორგანიზაცია Refashion განახორციელებს..

ცნობისთვის, მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიარდზე მეტი ქსოვილი იყიდება. მხოლოდ საფრანგეთში ყოველწლიურად, დაახლოებით, 700 000 ტონა ტანსაცმელი იყრება, რომლის ორი-მესამედიც ნაგავსაყრელზე ხვდება. ქვეყანაში ერთი ადამიანი წელიწადში, საშუალოდ, 10,5 კგ ტანსაცმელს ყიდულობს.