Skip to content Skip to footer

უამინდობამ ატმისა და ვაშლატამას წარმოება აზარალა – კახელი ფერმერი

ვაშლისა და ვაშლატამას სეზონი აქტიურ ფაზაშია. მეწარმეები შედეგს დაახლოებით 2-3 კვირაში დაითვლიან. თუმცა წინასწარ საუბრობენ, რომ სექტორზე ნეგატიურად იმოქმედა უამინდობამ, რის გამოც შემნახველ საწარმოებში ნაკლები მოსავლის დაბინავება უწევთ.

გურჯაანში მდებარე სამაცივრე მეურნეობის მფლობელი, მეწარმე ნუგზარ ახალმოსულიშვილი ამბობს, რომ მოსავალი არ იყო ურიგო, მთავრობის მხრიდანაც დარგს კარგი ხელშეწყობა აქვს, თუმცა ამინდმა ცუდი კვალი მაინც დატოვა.

„გაცილებით ადრე დავიჭირეთ თადარიგი, ამ სეზონისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ. დარგს დიდი მხარდაჭერა აქვს მთავრობის მხრიდანაც, პროცესში ფაქტობრივად ყველა რგოლი იყო ჩართული, მაგრამ პრობლემა მაინც გაჩნდა უამინდობის გამო. ასეთი მოცემულობის წინ დავდექით წელს, ხშირი წვიმებისგან ძალიან დავზარალდით. ცხადია, ამან ხარისხზეც იმოქმედა. სეზონი 2-3 კვირაში დამთავრდება და შეიძლება ვითარება შეიცვალოს. ჯერ 20 ტონა მოსავალი მაქვს დაბინავებული, საწარმოს ტევადობა 200 ტონამდეა. ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება”, – ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება ფასს, ვაშლატამა 1,30-1,60 ლარი ღირს, ატმის ფასი – 1,60-1,90 ლარის ფარგლებშია. პროდუქტი აქტიურად იყიდება შიდა ბაზარზე. პარალელურად ექსპორტზე გადის გადის რუსეთის ფედერაციაში – კრასნოდარში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვში, ასევე უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 1 მაისიდან დღემდე, საქართველოდან 10.3 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტირებული ატმის ღირებულებამ 11.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: Business Insider Georgia

შეგახსენებთ, აგრომზღვეველების სერტიფიცირების პროგრამა მზადდება. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის მალე აგროდაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს. საგაზაფხულო წაყინვები აგროსექტორის გამოწვევაა, თუმცა მისი დაზღვევა ქართველ ფერმერს არ შეუძლია. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა სრულყოფილად ვერც მეცხოველობის სექტორისთვის მუშაობს. რა გამოწვევებია და რა კეთდება აგროდაზღვევის კულტურის ასამაღლებლად? – ექსპერტების, სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიების მოსაზრებები ნახეთ აქ ?