Skip to content Skip to footer

ქართული ხორბალი შიდამოხმარების მხოლოდ 10-15 %-ს აკმაყოფილებს

ქართული ხორბალი შიდამოხმარების მხოლოდ 10-15 %-ს აკმაყოფილებს. პოტენციალი 50 % -ის შევსებაა, თუმცა, პრობლემა მუდმივად მარცვლეულის ხარისხია. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მუშაობა გრძელდება ფერმერების გადამზადებისა და უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, რათა მთლიან მოხმარებაში ადგილობრივი მარცვლეულის წილი გაიზარდოს.

წელს საქართველომ, დაახლოებით, 160 000 ტონა ხორბალი აწარმოა, თუმცა, უამინდობის გამო უმეტესი ნაწილი არასასურსათო, არასაკვები, საფურაჟე დანიშნულებისაა, რომელსაც არა ფქვილის დასამზადებლად, არამედ მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგი მოიხმარს. ამიტომაც გადაწყდა ქატოსა და ქერზე საიმპორტო გადასახადის დაწესება ტონაზე ასი ლარის ოდენობით. როგორი ეკონომიკური ეფექტი აქვს მთავრობის ასეთ ჩარევებს თავისუფალ ბაზარზე – „აგროსიახლეებს“ ეკონომისტი ნოდარ სირბილაძე ესაუბრა. მისი აზრით, მთავრობის ამგვარი ინტერვენცია ცალსახად არასწორია.