2024 წლის 12 იანვარს, 16:30 საათზე, ცხოველების სოფელ „რიჩის” ტერიტორიაზე (მცხეთა, სოფ. წილკანი), GSPSA-ს თავმჯდომარეს, თეიმურაზ წიქორიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ დროს ის მართავდა ორგანიზაციის მანქანას. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ საქმე არ აღძრულა.
გამოძიების ტემპით ორგანიზაცია უკმაყოფილოა. როგორც თავად დაზარალებულმა “აგრო სიახლეებს” განუცხადა, მანქანიდან ტყვია, როგორც ნივთმტკიცება, ფაქტიდან 15 დღის შემდეგ, 27 იანვარს ამოიღეს. ამ ეტაპზე ორგანიზაცია არ აქვეყნებს გასროლასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის.
თეიმურაზ წიქორიძის ვერსიით, მისი მიმართულებით გასროლა მოხდა ან დაუდევრობით (იარაღის შენახვის წესების დაღვევა, უმისამართოდ სროლა, შემთხვევით გასროლა და ა.შ), ან მიზანმიმართლად, მოკვლის მიზნით, რაზედაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
GSPSA-ს მიაჩნია, რომ თუ ეს იყო კონკრეტულად ორგანიზაციის თავმჯდომარის მოკვლის მცდელობა, ეს მხოლოდ ცხოველთა დაცვის საქმიანობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
როგორც “აგრო სიახლეებს” თემურ წიქორიძე უხსნის, გასროლილი ტყვია მოხვდა მანქანის კარკასულ ნაწილს (წინა და გვერდითა შუშების გამყოფ კონსტრუქციას) და გაეჭედა ლითონში. რომ არა ეს ლითონის კონსტრუქცია, ტყვია მოხვდებოდა მძღოლს თავის არეში. ტყვიამ დააზიანა მანქანის კონსტუქცუია და წინა საქარე მინა. ორგანიზაციის თავმჯდომარის მიერ მყისიერ დათვალიერებული იქნა ცხოველების სოფლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არავინ აღმოჩნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სროლა განხორციელდა ცხოველების სოფლის ტერიტორიიდან დაახლოებით 200-300 მეტრიდან, სადაც არსებობს რამოდენიმე ნაგებობა.
ცხოველების სოფელში მყოფი ადამიანები და ცხოველები გასროლის შედეგად არ არიან დაზიანებულები.
როგორც წიქორიძე გვეუბნება, შემთხვევისთანავე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ოპერატიულად მიაკვლიეს და დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, პოლიციის განყოფილებიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.
მოუსმინეთ დაზარალებულს:
“აგრო სიახლეებმა” ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც (შსს-შიც). უწყების პრესსამსახურმა მცხეთის მუნიციპალიტეტის პოლიციასთან გადაგვამისამართა, სადაც ამ ეტაპამდე ჩვენი რედაქციის ზარებს არ პასუხობენ.
სანამ შსს საკითხში გაგვარკვევს, მანამდე გეტყვით, რომ ქვეყანაში უსახლკარო ცხოველები და გზები ადგილობრივი დონის უმწვავეს გამოწვევებად სახელდება. გახშირებულია ცხოველების წამებისა და მოკვლის ფაქტები.
“აგრო სოახლეებს” ამ პრობლემაზე არაერთი გადაცემა აქვს გაკეთებული. პრობლემის არსს საფუძვლიანად გაეცანით ქვემოთ.