ჰოლშტეინის ჯიშის ფერმა ზეინაბ ბაირამოვს კასპის რაიონის სოფელ ხიდისყურში აქვს. ფერმა რამდენიმე წლის წინ ბაირამოვის მეუღლემ გააშენა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქმეს სათავეში თავად ჩაუდგა და რქოსანის რაოდენობაც გაზარდა.
ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი, სტანდარტული ჯიშებისგან განსხვავებით, საკმაოდ ძვირადღირებულია. ხბოს ფასი 2000 ლარამდე, ზრდასრული ძროხის ფასი კი 3 000 დან 5 000 ევრომდე მერყეობს.
ამჟამად 25 სულიდან 12 იწველება
საქონელს თივით, სილოსით, სოიოთი, მზესუმზირით, ქერით, სიმინდითა და საკვები დანამატებით კვებავენ. როგორც თავად ფერმერი ამბობს, საკვები დანამატები საჭიროა როგორც რქოსანის ზოგადი სიჯანსაღის, ისე წველადობის გაზრდისთვის.
ამჟამად რძის დღიური რაოდენობა 250-260 ლიტრს შეადგენს. ლიტრი რძის ფასი ერთი ლარი და 90 თეთრია. რძის სრული რაოდენობა ამჟამად ადგილიდანვე ინდოელ მეწარმეს გააქვს.
ამ ჯიშის პირუტყვი დიდი მოცულობითაც გამოირჩევა. სწორედ ამის გამო მათ ღია სივრცეში საბალახოდ არ უშვებენ. ხანგრძლივი სიარულისას ჩლიქი უზიანდებათ და დაზიანება ხშირად სიკვდილს იწვევს. ამიტომ, ბაგურ კვებაზე არიან.
ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი ადვილად უძლებს ამინდის ცვლილებას. განსაკუთრებით ამტანია სიცივის მიმართ, თუმცა, სიცხეში სპეციალურ აცრას საჭიროებს.
რაც შეეხება ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობას, ფერმერი ადასტურებს, რომ თვეში საქონლის კვებაზე, დაახლოებით, 12 000 ლარი ეხარჯება, ხოლო შემოსავალი 2 000 ლარამდე აქვს.
სამომავლოდ ზეინაბ ბაირამოვი ფერმის გაფართოებას და წარმოების კიდევ უფრო ზრდას გეგმავს
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ჰოლშტეინის ჯიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი მერძეულობით გამოირჩევა.
სარძევე მიმართულების ეს ჯიში XIX საუკუნის მე-2 ნახევარში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ჰოლანდიური და გერმანული საქონლის სელექციის გზითაა გამოყვანილი.