Skip to content Skip to footer

აგროგარემოს AI ია – ქართული კამეჩი, როგორც გამძლეობისა და ტრადიციის სიმბოლო

კამეჩი გამოიყენება რძის და ხორცის საწარმოებლად, აგრეთვე როგორც მუშა პირუტყვი სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო სამუშაოების შესასრულებლად. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და მალაიზიის არქიპელაგის ქვეყნებში კამეჩის მონაწილეობით აწყობენ სხვადასხვა სანახაობებს და შეჯიბრებებს.

მსოფლიოში წარმოებული კამეჩის რძის 50% ინდოეთზე მოდის. კამეჩის რძე შეიცავს თითქმის 2-ჯერ მეტ ცხიმს და 30-40%-ით მეტ ცილას, ვიდრე ძროხის რძე. ამასთან, მათ რძეში ქოლესტერინის რაოდენობა ნაკლებია, ტოკოფეროლის კი მეტი, ვიდრე სხვა სახეობის ცხოველების რძეში. ტოკოფეროლი კი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია.

კამეჩის რძე მდიდარია კალციუმითა და ფოსფორით, ხოლო პეროქსიდაზის აქტივობა მასში 2-4- ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ძროხის რძეში; მისი რძიდან ამზადებენ საყოველთაოდ ცნობილ იტალიურ ყველს მოცარელას. ჩვენში დიდად ფასობს კამეჩის რძიდან დამზადებული მაწონი, სულუგუნი და ნადუღი.

სხვადასხხვა ჯიშებში ლაქტაციური მონაწველი ცვალებადობს 700-დან 2500 კგმდე. ცალკეული ინდივიდები იწველიან 4000-4500 კგ რძეს. ლაქტაცია, გრძელდება 300-305 დღე,, არის შემოკლებული ლაქტაციის შემთხვევებიც.

კამეჩი გვიანმწიფადი ცხოველია. როგორც წესი, პირველად იგებს 3,5-4 წლის ასაკში. მაკეობის ხანგრძლივობა 305-340 დღეა. ჯიშების უმრავლესობა შავი ფერისაა. ამასთან გვხვდება თეთრი, წითელი და შავჭრელი ჯიშები.

ამ სახეობის ცხოველების მოშენების აუცილებელი წინაპირობაა წყლის არსებობა. საქმე ის არის, რომ მათ საოფლე ჯირკვლები სუსტად აქვთ განვითარებული, რის გამო სიცხისას ის წყალში ჩაწოლით ცდილობს შეინარჩუნოს ორგანიზმის ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა.

ინტენსიურად კვებისას 16 თვის ასაკისათვის კავკასიური კამეჩის ქართული პოპულაციის ხარზაქის ცოცხალი მასა 360-390 კგ-ს აღწევს. ზრდასრული კამეჩის საკლავი გამოსავალი 48- 51%-ა, ინტენსიურად გამოზრდილი ზაქის კი 54-55%.

კამეჩის ხორცი შეიცავს 64-69 % წყალს, 19-20 % ცილებს, 10-15% ცხიმებს და 0,8-0,9% მინერალურ მარილებს. ამასთან, ჩვეულებრივ ძროხასთან შედარებით, კამეჩის ტანხორცში ნაკლებია რბილობის (ჭამადი ნაწილის) რაოდენობა, სიმაგრით და გემოვნებით კი 2-2,5 წლის ასაკამდე ზაქის ხორცი პრაქტიკულად არ განსხვავდება იმავე ასაკის ძროხის მოზარდის ხორცისაგან; არის ცნობები, რომ ზაქის ხორცი წარსულში ანემიის (სისხლნაკლულობის) და ლეიკოზის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.