სახელმწიფომ ფერმერებს ახალი აგროპროგრამა შესთავაზა და გვეუბნებიან, რომ ის 2026 წლის ივლისიდან ამოქმედდება. პროგრამის ფარგლებში გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში პირველად შეიქმნება სრული ბაზა, სადაც დარეგისტრირება ფერმერის ვალდებულება ხდება. ამ ბაზაში მოიყრის ინფორმაცია თავს, ფერმერის მიწის ფართობზე, წარმოების მიმართულებაზე, მოსავალზე, ტექნიკასა და სხვა მახასიათებლებზე. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახელმწიფოსთვის ეს აუცილებელია, რადგან ზუსტად იცოდეს ვის რა რესურსი აქვს და დახმარება სწორად გადაანაწილოს. მაგალითად, თუ ერთ ფერმერს 2 ჰექტარი ვენახი აქვს, მეორეს 15 ჰექტარი ბაღი, მესამეს კი 30 სული პირუტყვი, საჭიროებაც განსხვავებული იქნება. სწორედ ამიტომ ხდება სექტორის აღრიცხვა და სისტემაში მოყვანაო გვითხრეს. არადა, საქსტატი წლების განმავლობაში აწარმოებს აგროსტატისტიკას და ფერმერული მეურნეობების შესახებ მონაცემებიც უკვე არსებობს, ამიტომ ბევრისთვის გაუგებარია, რაღაში სჭირდება სახელმწიფოს ახალი ბაზის შექმნა. სპეციალისტების თქმით, მთავარი პრობლემა მონაცემების ნაკლებობა კი არა, არსებული ინფორმაციის სწორად გამოყენება, ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვა და ფერმერამდე შედეგის მიტანაა.
პროგრამის მთავარი ნაწილი არის თანადაფინანსება. ეს ნიშნავს, რომ ფერმერს პროექტის სრული ღირებულების გადახდა აღარ მოუწევს. თუ მცირე ტრაქტორი ღირს 35,000 ლარი, შესაძლოა ფერმერმა გადაიხადოს ნახევარი, ხოლო დანარჩენი სახელმწიფომ დაფაროს. თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ჯდება 12,000 ლარი, შესაძლებელია ნაწილის დაფინანსება. თუ 500 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა ჯდება 20,000 ლარი, ფერმერს ინვესტიციის ტვირთი უმცირდება.
„ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაცია“ ხელისუფლების ახალ აგროპროგრამაზე დიდ იმედებს არ ამყარებს. ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, სოფლის მეურნეობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია და თუ ხელისუფლებას რეალურად სურდა დარგში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, ამისთვის ბოლო 14 წელი ჰქონდა. პრობლემა ახალი არ არის და ისინი დარწმუნებული არიან, რომ წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოწვევებს მხოლოდ ახალი პროგრამის გამოცხადება ვერ მოაგვარებს.
დარგის წარმომადგენლების თქმით, წლებია აგროსექტორს აკლია გრძელვადიანი ხედვა, ინფრასტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა. ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად სახელდება სამაცივრე მეურნეობების სიმცირე. მაგალითად, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1.614 მილიონი დოლარის ღირებულების 1,363 ტონა ყურძენი შეიძინა უცხოეთიდან, მაშინ როცა საქართველო თავად ითვლება მევენახეობისა და ღვინის სამშობლოდ. მთავარი მომწოდებლები იყვნენ სომხეთი, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები. რატომ ვყიდულობთ ვაზისა და ღვინის ქვეყანა ყურძენს? პრობლემა ისაა, რომ საქართველოში მოსავალი სეზონზე იაფად იყიდება, რადგან შენახვის ინფრასტრუქტურა არ არსებობს, მეზობელ ქვეყნებში კი პროდუქციას ინახავენ და მოგვიანებით უფრო ძვირად ყიდიან.
კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას სახელდება კადრების დეფიციტი. გვეუბნებიან, რომ დარგს აკლია აგრონომები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და პრაქტიკული სპეციალისტები. ხეხილის გასხვლის სპეციალისტებს ზოგ რეგიონში უცხო ქვეყნიდან იწვევენ და ერთ კვირაში ათასობით დოლარს უხდიან. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანას საკუთარი პროფესიული რესურსი არ ჰყოფნის.
ამ ფონზე დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჭიროა არა მხოლოდ ფულის გაცემა, არამედ მიწის მართვის მოწესრიგება, სამაცივრე ქსელების შექმნა, გადამამუშავებელი საწარმოები, აგრო განათლება და ბაზრებზე წვდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ახალი პროგრამის გამოცხადება მდგომარეობას ვერ შეცვლის. მათივე თქმით ნებისმიერი მხარდამჭერი პროგრამა იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეესტრი ფორმალურ ბიუროკრატიად არ გადაიქცევა და თანადაფინანსება რეალურად მივა ფერმერამდე.
ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია ეხება შენახვის ინფრასტრუქტურას. დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოში ხშირად მოსავალი სეზონზე იაფად იყიდება, რადგან ფერმერს პროდუქტის შენახვის საშუალება არ აქვს. ამის ფონზე ქვეყანა ზოგ შემთხვევაში იმპორტზეც არის დამოკიდებული. სწორედ ამ მიმართულებით პროგრამა ნაწილობრივ პასუხობს კრიტიკას, რადგან თანადაფინანსებაში პირდაპირ არის გათვალისწინებული სამაცივრე მეურნეობები, შემნახველი ობიექტები და გადამამუშავებელი საწარმოები. ეს ნიშნავს, რომ თეორიულად ფერმერს ან ინვესტორს შეეძლება მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნა სახელმწიფოს დახმარებით.
კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა კადრების დეფიციტია. დარგს აკლია აგრონომები, ვეტერინარები, ტექნოლოგები და პრაქტიკული სპეციალისტები. სწორედ ამიტომ ზოგიერთ რეგიონში პროფესიონალების უცხოეთიდან ჩამოყვანა ხდება. ამ ნაწილში ახალი პროგრამა ნაკლებად კონკრეტულია. საჯაროდ წარმოდგენილ მასალებში პირდაპირი მექანიზმები აგრო განათლების, პროფესიული გადამზადების ან სპეციალისტების მომზადებისთვის მკაფიოდ არ ჩანს. შესაბამისად, ეს ერთ-ერთ დაუფარავ სისუსტედ რჩება.
ასევე ხშირად საუბრობენ მიწის მართვის პრობლემაზემ როგორიცაა, დაურეგისტრირებელი ნაკვეთები, დანაწევრებული მიწები, დაუმუშავებელი ფართობები და რთული ადმინისტრაციული პროცედურები. პროგრამა ამ მიმართულებით რეესტრის შექმნით გარკვეულ პასუხს იძლევა, რადგან მიწებისა და ფერმერების აღრიცხვა უფრო მოწესრიგდება. თუმცა საკუთრების დავების, იჯარის სისტემის ან მიწის კონსოლიდაციის საკითხებზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს.
ბაზრებზე წვდომაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ბევრი ფერმერი ამბობს, რომ პროდუქციის წარმოებაზე მეტად რთულია მისი გაყიდვა. ამ ნაწილში პროგრამა ზოგადად საუბრობს წარმოების ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, თუმცა კონკრეტული მექანიზმები — ექსპორტის მხარდაჭერა, მარკეტინგი, სარეალიზაციო ქსელები ან გარანტირებული შესყიდვა — ჯერ დეტალურად წარმოდგენილი არ არის.
რომ შევაჯამოთ, ახალი აგროპროგრამა მეტ-ნაკლებად პასუხობს რამდენიმე მნიშვნელოვან პრეტენზიას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ინფრასტრუქტურის შექმნას, შენახვასა და გადამუშავებას. მაგრამ ღიად რჩება სხვა სისტემური საკითხები — აგრო განათლება, კადრების დეფიციტი, ბაზრებზე წვდომა და მიწის მართვის უფრო ღრმა რეფორმა. სწორედ ამიტომ დარგის წარმომადგენელთა ნაწილი ამბობს, რომ პროგრამის წარმატება მხოლოდ დაფინანსების ზრდაზე არ იქნება დამოკიდებული, მთავარია, რეალურად რამდენად მივა ეს დახმარება ფერმერამდე და შეიცვლება თუ არა მდგომარეობა პრაქტიკაში.
თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და მომდევნო მასალებში გაგაცნობთ როგორც სექტორის წარმომადგენლების შეფასებებს, ისე უშუალოდ ფერმერების პოზიციებს — რა მოსწონთ, რას უწუნებენ და რას ელოდებიან ახალი პროგრამისგან რეალურ ცხოვრებაში.
რადგან აქამდე აგროსექტორის მიმართულებით დახარჯულმა მილიონებმა რეალური შედეგი ვერ მოიტანა და არაერთი პროგრამა უფრო პოლიტიკური ქულების დასაწერ ნაბიჯად აღიქმებოდა, ვიდრე ფერმერების რეალურ მხარდაჭერად, სპეციალისტების ნაწილს ახალი ინიციატივის მიმართაც წინასწარ სკეპტიკური განწყობა აქვს. მათი შეფასებით, დიდი ალბათობაა, ეს ახალი აგროპროგრამაც მხოლოდ ხმაურიან დაპირებად დარჩეს და სოფლის მეურნეობაში არსებულ სისტემურ პრობლემებზე რეალური გავლენა ვერ მოახდინოს.
თემაზე მუშაობას გავაგრძელებთ და სექტორულ შეფასებებსაც გაგაცნობთ. ასევე ვეცდებით უშუალოდ ფერმერებს ვკითხოთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ახალ პროგრამაში, რამდენად რეალისტურად მიაჩნიათ მისი განხორციელება და რას ელოდებიან სახელმწიფოსგან პრაქტიკაში.