აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ნაწილი საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. ამას გულისხმობს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტი ითვალისწინებს 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავლის მქონე აგროტურისტული და ღვინის ტურისტული სუბიექტების სტატუსების მქონე პირების გათავისუფლებას 10 წლით საშემოსავლო და მოგების გადასახადისაგან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობებში ჩართული პირების მიმართ.
„დღეისათვის, აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის ობიექტის სტატუსი საქართველოში არ არსებობს, შესაბამისად, სრული ოფიციალური სტატისტიკა აგროტურისტული და ღვინის ტურისტული ობიექტების რაოდენობის შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.
თუმცა, დღეს ყველაზე გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები არიან ღვინის მარნები (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით აგროტურიზმის დაახლოებით 85-90%), რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ სერვისებს (ღვინის და კერძების დეგუსტაცია, მასტერკლასები, რთველში მონაწილეობა და სხვ.).
ამასთან, აგროტურიზმის კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირება დღეისათვის არის შესაძლებელი წარმოადგენენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები (მარნები), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ პროექტ „ღვინის გზაში“.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არსებული 352 „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნიდან დაიდენტიფიცირდა 213, აქედან 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი/ბრუნვა დაუფიქსირდა 150 ბიზნეს სუბიექტს.
სავარაუდო წლიური ჯამური დანაზოგი, რომელსაც მიიღებდნენ აგროტურიზმის და ღვინის ტურისზმის სფეროში მონაწილე ბიზნეს სუბიექტები კანონპროექტით წარმოდგენილი საგადასახადო შეღავათების შედეგად 2022 წლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 311 853 ლარს.
ამასთან გასათვალისწინებელია, აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმში (გარდა ღვინის მარნებისა) დასაქმებული სხვა ბიზნეს სუბიექტების (მაგალითად, ადგილობრივი სამზარეულოსა და ღვინის დაგემოვნება), რომლებიც შეადგენენ მთლიანად ამ ბიზნესის 10-15%-ს (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით) დანაზოგიც,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები – დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი და ბეჟან წაქაძე არიან.