კახეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მოიჯარე ფერმერები ათწლიანი დავალიანებისა და საიჯარო ქირის მკვეთრი ზრდის შესახებ საუბრობენ.
ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის, ირინე ფხოველიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ფერმერებმა ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურიდან შეტყობინებები მიიღეს. მათ 10 წლის განმავლობაში დაგროვილი საიჯარო დავალიანების, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს 15 დღეში გადახდა მოსთხოვეს.
ფხოველიშვილის განმარტებით, ფერმერები თანხას ყოველწლიურად იხდიდნენ, თუმცა ის საიჯარო ქირის ნაცვლად სახელმწიფო მიწის ქონების გადასახადში ირიცხებოდა. ამის გამო მათ ქირის დავალიანება უგროვდებოდათ, რის შესახებაც წლების განმავლობაში არავინ აფრთხილებდა.
მისივე ინფორმაციით, იმ ფერმერებს, რომლებმაც დარიცხული თანხა გადაიხადეს, მოგვიანებით ახალი შეტყობინება გაეგზავნათ — საიჯარო ქირა მინიმუმ 28-ჯერ გაიზარდა. ფერმერთა წარმომადგენელი აცხადებს, რომ გაზრდილ იჯარას დამატებით სახელმწიფო მიწის ქონების გადასახადიც ემატება.
ირინე ფხოველიშვილი გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლებს სადავოდ მიიჩნევს და შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ითხოვს. პასუხისმგებელი უწყებების ოფიციალური პოზიცია ამ დროისთვის უცნობია.
რამდენად შესაძლებელია ქართული ხორბლის ფასი გაიზარდოს დღგ-თი დაბეგვრის შემდეგ?