Skip to content Skip to footer

ამ ეტაპზე არცერთი წისქვილი მუშაობს – ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია

რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში წისქვილებს უკვე მეორედ მოუწიათ მუშაობის შეჩერება. მიზეზი კვლავ ის არათანაბარი გარემოა, რაც ხორბლისა და ფქვილის საბაჟო გადასახადს შორის არსებობს.

ფქვილისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ არა მხოლოდ წისქვილებს, დღევანდელი რეალობა საფრთხეს უქმნის მთელს საწარმოო ჯაჭვს.

„ამ ეტაპზე არცერთი წისქვილი არ მუშაობს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ისევ გაზრდილია. რუსეთის შიგნით ხორბალი ძალიან იაფია და მას ფქვავენ ადგილზე და ისე ნაწილდება. შესაბამისად, დღეს ეს არის გამოწვევა. ამან შექმნა ფერმერებისთვისა დიდი პრობლემა. წისქვილები ვეღარ ვიბარებთ ხორბალს, უბრალოდ, გაჩერებული ვართ, რადგან ხელოვნურად შემცირებულ ფასთან კონკურენციაში ვერ შევდივართ.

შარშან ფერმერებმა საკმაოდ კარგ ფასად მოასწრეს ხორბლის ჩაბარება 1 ლარად, წელს კი ფასი 55 თეთრია და იმასაც ვერ ვიბარებთ, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. აქედან გამომდინარე, საფრთხე ექმნება მთლიანი ჯაჭვის მუშაობას. ძალიან მალე უნდა დაიწყოს ახალი სეზონის ხვნა-თესვის სამუშაოები და იქამდე, ფერმერები თუ არ გაყიდიან დარჩენილ მოსავალს, ვერ შეძლებენ ფულადი რესურსის მობილიზებას და ვერ დაფარავენ კრედიტებს, რომელიც მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის ამოქმედებამდე, საქართველოში რუსული ფქვილის იმპორტი მხოლოდ 2% იყო, დღეს კი, 60%-ს აღემატება.

„ფქვილის იმპორტის მაჩვენებლით რუსეთისათვის პირველ ადგილზე ვართ. ჩამონათვალშია თურქეთიც, მაგრამ ჩვენსა და მათ შორის სხვაობა ისაა, რომ საქართველოში შემოსულია შარშან 200 000 ტონა ფქვილი, რაც ჩვენი მოხმარების დაახლოებით 60%-ია, თურქეთში შესულია 78 000 ფქვილი, რაც თურქეთის მთლიანი მოხმარების 1%. შესაბამისად, რისკები ჩვენთვის განუსაზღვრელად დიდია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ხელოვნური გამოწვევა. სანამ ჩვენ თანაბარ პირობებში ვიყავით, 98% იყო ადგილობრივი გადამუშავების და მხოლოდ 2%-ი იყო იმპორტირებული ფქვილი“, – ამბობს სილაგავა.

წყარო: Bpn.ge

Leave a comment