Skip to content Skip to footer

არავინ გვისმენს, არც კომპანია, არც მუნიციპალიტეტი, არც ცენტრალური ხელისუფლება – სოფელ ზოდის გასაჭირი

რა ხდება დღეს რეალურად მთაში? – ეს კარგად ჩანს ჭიათურის მაგალითზე. ამ რეგიონში რომ უმძიმესი ეკოლოგიური ვითარებაა, ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. 2016 წლიდან „ჭიათურ მანგანუმს“, ახლა “ჯორჯიან მანგანუმი” რომ ჰქვია, სამინისტროს წარდგენით სასამართლოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი მართავს, თუმცა, ვითარება არ უმჯობესდება, უფრო მეტიც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება. სოფელ ზოდის მოსახლეობა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას დიდი ხანია მოითხოვს. ზოდელები უკვე ორი წელია, ამაოდ ცდილობენ საკუთარი ხმა გააგონონ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე სახელმწიფო უწყებებისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებს. ისინი ავრცელებენ ფოტო-ვიდეო მასალას და ამტკიცებენ, რომ სოფელ ზოდში მოპოვებითი სამუშაოების გამო ნაპრალები გაუჩნდა მიწას, დაჩქარდა მეწყრული პროცესები, დაზიანდა სოფლის ინფრასტრქტურა და საცხოვრებელი გარემო, მათ შორის, გზა, საცხოვრებელი სახლები და ა.შ. მოპოვების ადგილები მიტოვებულია და საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ისე პირუტყვსა და ბუნებრივ გარემოს. ადგილობრივების თქმით, სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია, არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია შიდა გზები, სოფელს მიეწოდება ტექნიკური წყალი, უკვე 2 წელია არ ფუნქციონირებს სკოლა და მისი დასრულება 2026 წლამდე არც არის დაგეგმილი. ამ სირთულეების პარალელურად, ახლა სოფელს მოპოვებითი სამუშაოებიც ემუქრება, რაც პრიმიტიული მეთოდით, მიწისქვეშა გათხრებით მანგანუმის გამოტანას გულისხმობს. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ზოდის გადარჩენისთვის წამოწყებულ მოქალაქთა მოძრაობის ორგანიზატორებს ნიკო გაფრინდაშვილსა და კოტე აბდუშელიშვილს თავს დაესხნენ და ისინი ამ ფაქტს სწორედ ზოდის გადარჩენის აქტივობაში მათ მონაწილეობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს მათ დასაშინებლად და გასაჩერებლად იყო დაგეგმილი. დაშინების მცდელობების მიუხედავად, ზოდელები ამბობენ, რომ წინააღმდეგობას გააგრძელებენ და მშობლიური სოფლის განადგურებას არ დაუშვებენ. უფრო მეტს ამ თემაზე მოგვიყვება ზოფელ ზოდის გადარჩენის მოძრაობის ორგანიზატორი კოტე აბდუშელიშვილი.

გაიგეთ რა ხდება და რა გამოწვევებია მთაში, – ნახეთ სრული გადაცემა აქ 👇