სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. ამის შესახებ “აგრო სიახლეებს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ვაშლის მწარმოებელმა ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენდა.
უწყების განმარტებით, პროგრამაში ჩართვა შეეძლო ხილის გადამმუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიდნენ.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან.
შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.