Skip to content Skip to footer

ბიოელექტრული სიგნალები – ასაკოვანი ხეები ახალგაზრდა ტყეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას გადასცემენ – კვლევა

ავსტრალიის უნივერსიტეტისა და იტალიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა პირველად დააფიქსირეს ბიოელექტრული სიგნალები, რომლებსაც არყის ხეები მზის დაბნელებისთვის მოსამზადებლად იყენებენ. საქმე იმაშია, რომ ამ სიგნალებს პირველები უძველესი ხეები აგზავნიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეკოლოგიურ მოვლენებზე გარკვეული ინფორმაცია უკვე დამახსოვრებული აქვთ.

„ეს კვლევა არის სინქრონიზებული რეაქციის ლუსტრაცია. შესაძლებელი ხდება შევისწავლოთ მცენარეების ქცევა და გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთობენ და ადაპტირდებიან ტყეები ერთმანეთთან“, – განაცხადა პროფესორმა მონიკა გალიანომ და დაამატა, რომ ეს მოქმედებაში მოყვანილი ხეების ერთგვარი ქსელია. აქამდე მცენარეებს შორის კომუნიკაციის დაჭერა მეცნიერებს არ შეეძლოთ, თუმცა ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს ბიოელექტრული სიგნალები. იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერ ორგანიზმში – დაწყებული ვირუსებიდან დამთავრებული მტაცებლებით – ჩადებულია თვითგადარჩენის ინსტინქტი, ეს სიგნალები მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

კვლევის ჩასატარებლად გამოიყენეს სპეციალური სენსორული ტექნიკა. რომლითაც მოხერხდა ამ სიგნალების დაჭერა. დაიხმარეს ველის კვანტური თეორიაც და დაადგინეს, რომ სიგნალი ყველაზე ძველი ხეებიდან წამოვიდა, თანაც, ამ სიგნალების აქტივობა მზის დაბნელებამდე რამდენიმე საათით ადრე მკვეთრად გაიზარდა. ასე რომ, მეცნიერები ამტკიცებენ, „ხეების ენას“ მიაგნეს, თუმცა კვლევა ჯერ ნოვატორულია და მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება, რათა ადამიანებმა უკეთ გაიგონ, როგორ ადაპტირდება ეკოსისტემა კლიმატის ცვლილებებთან.

„ის ფაქტი, რომ ძველი ხეები პირველები რეაგირებენ მათ განსაკუთრებულ როლზე მიუთითებს. ისინი ერთგვარ მეხსიერების ბანკის როლში გამოდიან, რომლებსაც წარსულში მომხდარი ეკოლოგიური მოვლენები ახსოვთ. ეს კვლევა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძველი ტყეების დაცვა, რომლებიც ეკოსისტემის სიმყარის გარანტია. ისინი ინახავენ და გადასცემენ ფასდაუდებელ ეკოლოგიურ ცოდნას“, – აღნიშნა გალიანომ.

ცნობისთვის, ეს კვლევა ახალ დოკუმენტურ ფილმში „ტყის კოდექსი“ (Il Codice del Bosco) მოხვდება, რომელიც ამ თვეში მაისში გამოვა.