ბრაზილია ფრინველის გრიპს ებრძვის. ქვეყანამ გარეული ფრინველის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს ქვეყანა ქათმის ხორცის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში. ყოველწლიურად ქათმის ხორცითა და კვერცხით გაყიდვებით მიღებული შემოსავალი დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
საქმე ისაა, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებების მიხედვით, გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის H5N1 ქვეტიპით ინფექცია არ უნდა გახდეს ვაჭრობის აკრძალვის მიზეზი, თუმცა, თუ ის დაფიქსირდა ფერმაში, აუცილებელია მთელი “ფარის” განადგურება და შეიძლება გამოიწვიოს სავაჭრო შეზღუდვებიც იმპორტიორი ქვეყნებიდან.
საქართველოში იმპორტირებული გაყინული ფრინველის ხორცის თითქმის მეოთხედი – 23,6% ბრაზილიაზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში 17 617 ტონა (27,601 მლნ დოლარის ღირებულების) გაყინული ფრინველის ხორცი იყიდა, აქედან 4 168 ტონა (6,854 მლნ დოლარი) სწორედ ბრაზილიიდან იქნა იმპორტირებული.
2 923 ტონა (4,930 მლნ დოლარი) ფრინველის ხორცი ვიყიდეთ თურქეთიდან, 2 244 ტონა (4,807 მლნ დოლარი) კი – ჩინეთიდან. ნიდერლანდებიდან იმპორტირებულია 2 015 ტონა (2,787 მლნ დოლარი) ქათმის ხორცი, ხოლო აშშ-იდან შევიძინეთ 1 502 ტონა (1,434 მლნ დოლარი).