მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით მომუშავე გარემოსდაცვითმა რეგიონულმა ორგანიზაციამ, CENN-მა, ევროკავშირის პროგრამა “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ შეაჯამა და შედეგები მედიის წარმომადგენლებს გააცნო. პროექტი 2020 წლიდან მიმდინარეობს ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში და მოიცავს სამ კომპონენტს: 1. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, 2. თანამშრომლობითი მექანიზმის შემუშავება საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განვითარებისთვის, 3. სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. CENN-ი ამ პროგრამას პარტნიორ ორგანიზაცაიებთან ერთად ახორციელებს.
ქვემო ქართლში დაფინანსდა 6 პროექტი:
თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით;
ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური
გაძლიერება (წალკის მუნიციპალიტეტი);
დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტი);
თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი (დმანისის მუნიციპალიტეტი).
“აგრო სიახლეები” თქვენს ყურადღებას შეაჩერებს ამ პროექტის ფარგლებში დმანისში გახსნილ მხარდაჭერის სახლზე. ჩვენთვის ეს სახლი ბევრი მხრივ აღმოჩნდა საინტერესო: პირველი თაობათაშორისი კავშირია, რაც ასე სჭირდება ჩვენს რეგიონებს და სოფლებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობასაც და ამ სახლში საუკეთესოდაა შერწყმული და კარგ შედეგებსაც დებს. მეორე, ესაა მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რაც ამ სახლის ბენეფიციარებს აღმოაჩნდათ. ისინი ბევრად უფრო ეკომეგობრულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ველოდით და სასიამოვნოდ გავოცდით, როცა ნარჩენებისგან დამზადებყული ულამაზესი ნივთებით მოიწონეს თავი.
დღეს ნარჩენების შემცირება გარემოსდაცვითი საზოგადოების უმთავრესი საზრუნავია. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მიცემაა. ამის შესახებ, როგორც ჩანს, კარგად იციან მხარდაჭერის სახლის დმანისის ფილიალში, სადაც, სხვა ბევრ კარგ და საჭირო საქმესთან ერთად, მხარდაჭერის სახლის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები გადასაყრელი ნივთებით, არც მეტი არც ნაკლები, არტნაკეთობებს ქმნიან. პლასტმასის ბოთლისგან თოჯინას, პირბადეებისგან, ყურის ჩხირებისგან, ცელოფნის გადასაყრელი პარკებისგან ყვავილებსა და თაიგულებს, სურათის ორიგინალურ ჩარჩოებს კი ტუალეტის ქაღალდის მუყაოს რგოლისგან.
მხარდაჭერის სახლში ფუნქციონირებს თოჯინების თეატრიც. მსახიობები ხანდაზმული ბენეფიციარები არიან და პატარებს წარმოდგენებს ხშირად სთავაზობენ.



ხელოვნებაში ძალების მოსიჯვასთან ერთად, სხვა მხრივაც ცდილობენ გონება ავარჯიშონ. აზროვნების ტონუსისთვის ბენეფიციარები ხშირად თამაშობენ ჭადრაკს, მართავენ საჭადრაკო ტურნირებსაც.


დროს პოულობენ აქვთ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშებისთვისაც, რაც მათი ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. არც სიმღერა ავიწყდებათ, თანაც სამ ხმაში აკორდეონისა და დოლის აკომპანიმენტზე. ხალხურ საკრავებთანაც მეგობრობენ და პოეზიაშიც ცდილობენ თქვან სათქმელი.
დმანისის მხარდაჭერის სახლის დღის ცენტრში კიდევ ბევრი კარგი საქმე კეთდება. აქ თაობები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ, რაც ყველა მხარისთვის მომგებიანია. თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისი ზრდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველი მოზარდების სოციალიზაციას, იძენენ ცოდნას და იუმჯობესებენ ტექნოლოგიურ უნარებს. კვირაში სამჯერ ერთი საათით ერთად სწავლობენ ინგლისურს. ხანდაზმული პედაგოგები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კვირაში 5 დღე 1 საათის განმავლობაში ეხმარებიან ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების სასკოლო დავალებების მომზადებაში. 10-მა მოზარდმა, მოხალისე ახალგაზრდების დახმარებით, შეისწავლა ქოუდინგი, Codemonkey-ს პროგრამის გამოყენებით. ახალგაზრდებმა კი კომპიუტერული უნარები შეასწავლეს ხანდაზმულებს. მათ კი ეს საზღვარგარეთ წასულ ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაში ძალიან გამოადგათ. ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის აქ მუშაობს შინ მოვლის სამედიცინო სერვისიც. ევროკავშირის დაფინანსებით, დმანისის გარდა, მხარდაჭერის ასეთივე სახლები კაზრეთსა და გორშიც ფუნქციონირებს.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი მუშაობს ქვემო ქართლის (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში და უზრუნველყოფს სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობას სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მათი შესაძლებლობების განსავითარებლად.
გვახსოვდეს, ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას.
რეპორტაჟი სრულად დმანისის მხარდაჭერის სახლის მუშობის სფეციფიკაზე, ნახეთ აქ 👇
სრულად გადაცემა იხილეთ აქ 👇