პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში არაერთ სექტორში, მათ შორის პურის წარმოებაში, ახალი რეგულაცია დაინერგება. საუბარია “ჰასპის” სტანდარტზე, რომლის დანერგვის ვალდებულება 2023 წლის 1 ივნისიდან ყველა ბიზნესსუბიექტის ვალდებულება ხდება.
დოლიძე ხაზს უსვამს, რომ, მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის ნამდვილობაში.
„2023 წლის მეორე ნახევრიდან საქართველოში დაინერგება სისტემა, რომელიც გაამკაცრებს საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის დამზადებას. მართალია, პური რისკჯგუფს არ მიეკუთვნება, „ჰასპი“ კი ითვალისწინებს რისკის ადგილებში მათ მინიმიზაციას, პური კი 220 გრადუსზე ცხვება და არ არის რისკის ჯგუფში.
მიუხედავად ამისა, რეგულაცია გვეხება ჩვენ. ცხადია, მოსაწესრიგებელია უამრავი რამ. ძალიან ბევრმა სუბიექტმა დაიწყო დარგში მუშაობა და არის ძალიან ბევრი შენიშვნა რეკლამიდან წარმოების სტრუქტურამდე. ელემენტარულად, საცხობში ხელსაბანი, საცერი, თბილი წყალი, განათება და ვენტილაცია რომ უნდა იყოს, არ უნდა სწავლება და ამის დრო ნამდვილად მოვიდა. დამთავრდა საუბარი დეფიციტსა და რაოდენობაზე. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ რასაც იძენს, რაც ეტიკეტზე დატანილია, ნამდვილია“, – განმარტავს დოლიძე და იმასაც ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პურზე ფასების ცვლილება ნაკლებსავარაუდოა.
ცნობისთვის, სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს.