ახალი კვლევის თანახმად, 2022 წელს დაახლოებით შვეიცარიის ზომის ტროპიკული ტყე მასობრივად გაიჩეხა, ხეების რაოდენობა კი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ლიდერების მიერ COP26-ზე (2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია) დადებული პირობა დეფორესტიზაციის, ანუ გაუტყეურების, დასრულების შესახებ არ შესრულდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
კვლევის თანახმად, 2022 წლის ყოველ ერთ წუთში იჩეხებოდა 11 ფეხბურთის მოედნის ხელა ტყის ტერიტორია. გაჩეხილი ტყეების ფართობით ლიდერობს ბრაზილია.
ინდონეზიაში ტყის მასების ჩეხვა მკვეთრადაა შემცირებული.
COP26-ის ერთ-ერთი მთავარი მომენტი სწორედ მსოფლიოს 100-ზე მეტი ლიდერის მიერ “გლაზგოს დეკლარაციაზე” ხელმოწერა იყო, რაც დეფორესტიზაციის წინააღმდეგ კოლექტიურ ბრძოლას და 2030 წლისთვის მის სრულად აღმოფხვრას ითვალისწინებდა. საერთო ჯამში, დეკლარაციას დედამიწის ტყეების 85%-ის მფლობელმა ქვეყნებმა მოაწერეს ხელი. აღსანიშნია, რომ “გლაზგოს დეკლარაციის” შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც 2014 წლის ანალოგიურმა პაქტმა შედეგი ვერ გამოიღო.
Global Forest Watch-ის კვლევა ამტკიხცებს, რომ გლაზგოში დადებული პირობა არ სრულდება. ტროპიკული ტყეების გაჩეხა კრიტიკულად აფერხებს ბიო-მრავალფეროვნებასა და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას.
ტყეები, როგორც წესი, სათბურის აირების ემისიების უდიდეს რაოდენობას შთანთქავს, მათი გაჩეხვით კი ნახშირბადი ატმოსფეროში იფრქვევა და მსოფლიოს მასშტაბით ტემპერატურას ზრდის.
მერილენდის უნივერსიტეტის კვლევით, 2022 წელს 2021-თან შედარებით ტროპიკული ტყეების ჩეხა 10%-ით, უფრო ზუსტად კი 4 მილიონი ჰექტრით გაიზარდა, რამაც დაახლოებით იგივე რაოდენობის ნახშირბადი გაავრცელა ატმოსფეროში, რა რაოდენობის წიაღისეული საწვავის ემისიებსაც ინდოეთი ერთი წლის განმავლობაში გამოყოფს.
მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენელი როდ ტეილორი განმარტავს, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, დეფორესტიზაციის პრობლემის აღმოფხვრა, 2030 წლისთვის, შეუძლებელი იქნება.
Global Forest Watch-ის ანალიზი აჩვენებს, რომ გლობალური დეფორესტიზაცია 1 მილიონი ჰექტრით აღემატებოდა დასაშვებ დონეს იმისათვის, რომ 2030 წელს ტყეების გაჩეხა ნულოვან მაჩვენებლამდე დავიდეს.
2023 წელს,საქართველოში ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი. შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. მთავრობის გეგმით, 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება.
შეგახსენებთ, სოციალური ჭრის სისტემის გაუქმება 2026 წლის აინვრამდე გადავადდა. რა არის და როგორ მუშაობს საქმიანი ეზო? რა როლი აქვს ტყეს ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილების საკითხში, რა სიახლე შემოიტანა კოდექსმა, რომელიც ტყის მდგრადი მართვა უნდა განაპირობოს? რამდენად წარმატებულია ტყის რეფორმა, რომელმაც მისი დეგრადაცია უნდა შეაჩეროს? დეტალები გაიგეთ აქ ?