საქართველოდან ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი წელს 21%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.
„2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა, უკანაკსნელი 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით გვაქვს 14%იანი ზრდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში 96%-ით არის გაზრდილია დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს, 2021 წელთან შედარებით 13%-იანი ზრდა ფიქსირდება.
სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობით, კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია, ბოლო 10 წელიწადში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 147%-იანი ზრდა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია (34%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს – 10.5%-ით).
ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გვაქვს 2023 წელს, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 29%-იანი ზრდა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუციის ექსპორტი გაიზარდა 21%-ით.
ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია პარლამენტში ხვალ წარადგენს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა გაასაჯაროვა კვლევა „რა გავლენა აქვს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს აგრო-ექსპორტზე ევროკავშირში?“. აღმოჩნდა, რომ სოფლის მეურნეობის დანახარჯები 20-ჯერ გაიზარდა ათწლეულში 2011 წლიდან. სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო ხარჯებში სუბსიდიების წილი 2011 წლიდან სამჯერ გაიზარდა. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები უწყობს კერძო ინვესტიციებს, თუმცა, შემცირდა სოფლის მეურნეობის დამატებული ღირებულების წილი მთლიან მშპ-ში. სოფლის მეურნეობის ზრდა არასტაბილურია.
ევროდეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა შეაფასა დაასახელა ის შეცდომები, რომლებიც მისი აზრით, დაშვებულია იმ სახელწიფო პროგრამებში, რომელიც აგროწარმოებას ასტიმულირებს.
ევროდეპუტატი მონაწილეობდა ISET-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის DCTA-ს მოთხოვნებთან დაახლოების თემაზე ჩატარებულ მრგვალ მაგიდაში, რომელსაც “აგრო სიახლეებიც” დაესწრო. ვიოლა ფონ კრამონმა მედიასთან შეაჯამა საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) ამოქმედების შვიდი წელი.
“სტანდარტის დაკმაყოფილება ფერმერისთვის არის კომფორტის ზონიდან გამოსვლა, მოითხოვს დიდ ცოდნას და დიდი ინვესტიციას. ესაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ ქართველ ფერმერთა უმეტესობა ევროპულ ბაზრებზე ვერ გადის, – ასეთია ფერმერთა ასოციაციის შეფასება. ასოციაციის თავმჯდომარის რატი კოჭლამაზიშვილის მტკიცებით, ნებისმიერ შემთხვევაში, სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელია, რითაც ადგილობრივ ბაზარსაც ხარისხიანი ნაწარმით მოვამარაგებთ და არც ექსპორტი გაგვიჭირდება. მისივე განმარტებით, მთავარი პრობლემა, რასაც დღეს ქართველი ფერმერი ევროპაში აგროექსპორტისას აწყდება, არის მცირე მასშტაბის წარმოება.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო DCFTA-ის პოტენციალს ვერ იყენებს მაშინ, როცა საქართველოდან დსთ-ს ქვეყნებში, რუსეთში, ყაზახეთში და ა.შ. აგროექსპორტის მაჩვენებლები მზარდია.
კვლევამ აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის მიერ წარმოებული მშპ ნამდვილად გაზრდილია, თუმცა მხოლოდ პირველადი წარმოების ზრდის ხარჯზე და პრობლემა რჩება გასაღების ნაწილში.
ISET-ის წამყვანი ეკონომისტი, სალომე გელაშვილი, ასევე განმარტავს, რა ხარვეზებია სახელმწიფო მხარდამჭერ პროგრამებში, რაც ფერმერებისთვის DCFTA-ის შესაძლებლობებს ჯერ კიდევ აუთვისებლად ტოვებს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც უნდა გათვალისწინონ სახელმწიფო აგროპროექტების შედგენისას ასეთია: ირიგაციის პრობლემის დაძლევა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების წყალუზრუნველყოფა, ასევე, მცირემიწიანობის, ანუ მიწების ფრაგმენტაციის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა და, რაც მთავარია, განათლების დეფიციტის შევსება ფერმერებში სხვადასხვა ტრენინგებითა და სამეწარმეო უნარების სწავლების გზით.
კვლევის დეტალებს გაეცანით აქ ?