წელს უამინდობამ ევროპაში ზეთისხილის დეფიციტი შექმნა. ხმელთაშუა ზღვაში მაღალმა ტემპერატურამ დააზიანა მოსავალი და მწარმოებლები აიძულა პროდუქტი სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანონ.
მსოფლიო ზეთისხილის ნახევარს ესპანეთი აწარმოებს. ესპანური მოსავალი წელს ტყის ხანძრებმა დააზიანა. მოსალოდნელია, რომ ესპანეთში წელს 750 000 ტონა ზეთისხილის მოსავალი მოვა, რაც შარშანდელზე მეტია, მაგრამ გაცილებით ნაკლებია 1,3 მილიონ ტონაზე, რაც გასული წლების საშუალო მაჩვენებელი იყო.
ესპანეთის გარდა, ასევე რთული სიტუაცია იყო საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთსა და მაროკოში, სადაც წლევანდელი მოსავლის მოცულობა მკვეთრად ნაკლები იქნება ისტორიულ ნორმაზე.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პროგნოზით, პროდუქტის მსოფლიო წარმოება 2,4 მილიონ ტონამდე შემცირდება, რაც ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მოსავალი და კიდევ უფრო ბევრად ნაკლებია, ვიდრე მსოფლიო მოთხოვნა.
საბერძნეთის პროფესიული ზეითუნის ზეთის ასოციაციის ხელმძღვანელის, მანოლის ჯიანულისის, პროგნოზით, ფასები შესაძლოა, 100%-ზე მეტით გაძვირდეს.
მწარმოებლები უიმედოდ არიან. ოპტიმიზმის საფუძველს არც ამინდის პროგნოზი იძლევა, – სინოპტიკოსები კვლავაც ცხელი და მშრალი ამინდის პროგნოზებს აკეთებენ.