საშუალოსტატისტიკური ევროპელი ყოველწლიურად 131 კილოგრამ საკვებს ყრის. ევროპის სტატისტიკის სააგენტოს, Eurostat-ის მონაცემებით, ამ საკვები ნარჩენების ნახევარზე მეტი, ანუ 70 კილოგრამი სახლის ნაგვის ურნაში ხვდება, ხოლო დანარჩენი კაფეებში, სუპერმარკეტებსა და ქარხნებში წარმოიქმნება.
ქვეყნები, რომლებიც, “ევროსტატის” მიხედვით, ყველაზე მეტ საკვებს ყრიან არიან:
- ბელგია – ერთ ადამიანზე 262 კილოგრამი
- დანია – 230 კგ
- პორტუგალია – 181 კგ
ყველაზე ნაკლებ საკვებ ნარჩენებს წარმოქმნიან:
- სლოვენია – 68 კგ
- ხორვატია – 71კგ
- შვედეთი – 86 კგ
სხვათა შორის, Eurostat-ის რეიტინგში არ იქნა გათვალისწინებული ჩეხეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, კვიპროსის, მალტის და რუმინეთის მონაცემები.
გამოცემა “ევროპულსის” ცნობით, რუსეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონაცემებით, თითოეული რუსი ყოველწლიურად, საშუალოდ, 80 კილოგრამ საკვებს ყრის.
ევროკავშირი ამზადებს კანონს, რომლის მიხედვით, ქვეყნები ვალდებულები გახდებიან, მნიშვნელოვნად შეამცირონ 2030 წლისთვის საკვების ნარჩენების რაოდენობა. კანონპროექტის თანახმად, ქვეყნებს მაღაზიებში, რესტორნებსა და ოჯახებში, 2020 წლის დონესთან შედარებით, ნარჩენების 30%-ით შემცირება მოუწევთ.
ზოგმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ზრუნვა, მინიმუმამდე დაიყვანონ საკვების ნაგავში გადაყრა: მაგალითად, ფინეთში მუშაობს სპეციალური აპლიკაცია, რომლითაც რესტორნებში დარჩენილი საკვების შეძენაა შესაძლებელი. ესპანეთში სარესტორნე ბიზნესი დაავალდებულეს, შეახსენონ ყოველ მომხმარებელს, დარჩენილი საკვების სახლში წაღება. 2024 წლიდან ბრიუსელის სუპერმარკეტებს გაუყიდავი საკვები პროდუქტების ქველმოქმედების მიზნით გადაცემას კანონი დაავალდებულებს.
შეგახსენებთ, საქართველომაც დაიწყო ამ მიმართულებით ზრუნვა. სამეზობლოში ჩვენი ქვეყანა პირველია, რომელიც „სურსათის ბანკს“ ქმნის. ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ „სურსათის ბანკიდან“ გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ, თანაც არა მხოლოდ მათ, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ, საუბარია ყველა იმ ადამიანზე, ვინც მიიჩნევს, რომ პრდუქტი ესაჭიროება.