პროფესიით მხატვარმა და მოქანდაკემ, თემურ ლომიძემ, ათეული წლები მოსკოვში, კვიპროსსა და ბერლინში გაატარა. საზღვარგარეთ მხოლოდ პროფესიით მუშაობდა, ქმნიდა ტილოებსა და ქანდაკებებს.
350-მდე ტილოსა და 15 ქანდაკების ავტორის ნამუშევრები პერიოდულად სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე იყიდება.
ხელოვნებას ხელი არ შეუშლია ფერმერობაზე ეფიქრა, ნოვატორული იდეა რეალობად ექცია და პირველად საქართველოში სახედრების ფერმა მოეწყო. სახედრის რძე საკვებ პროდუქტად ჩვენს ქვეყანაში სწორედ მისი ინიციატივით დარეგისტრირდა.
დადგენილია, რომ ერთი წვეთი სახედრის რძე 100 მილიონზე მეტ უწვრილეს ცხიმის ბურთულას შეიცავს, რომლებიც სამასამდე სასარგებლო ნივთიერებითაა მდიდარი, მათ შორის, კალცით, ფოსფორით, A, B, C და D ვიტამინებით (მასში C ვიტამინის შემველობა, ძროხის რძესთან შედარებით, 60-ჯერ მეტია), ომეგა 3-ით, ომეგა 6-ით. სახედრის რძის მიღებისას კანი დიდი რაოდენობით კოლაგენს გამოიმუშავებს, რძეში შემავალი ლაქტოზა კი მის დაბერებას უშლის ხელს.
სახედრის რძე არათუ ხელს უშლის ცხიმების წარმოქმნას, არამედ უკვე წარმოქმნილი ცხიმის დაშლისა და ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნის პროცესს ააქტიურებს. შესაბამისად, ის ფართოდ გამოიყენება როგორც გადაუმუშავებელი სახით, ისე კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში.
სახედრის რძის დღიური ნაწველის საშუალო რაოდენობა 250-300 გრამს შეადგენს. სახედარი 12-თვიანი მაკეობის შემდეგ მე-13 თვეს მშობიარობს და 9 თვე იწველება.
ვირის რძით, ასევე, ჩვილის საკვებს ამზადებენ, რომელიც ერთ-ერთი უძვირესი პროდუქტია. თუ თხის რძის ცხიმიანობა 6-7%-ს შეადგენს, სახედრის რძეში ის მხოლოდ 0.5-ია.
ფერმერის თქმით, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვირის რძე დედის რძეს 97 %-ით უტოლდება.