გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა.
„2022 წელს სამინისტრომ აქტიურად გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის შემუშავდა თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგსაც უწყვეტად ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ჯამში, გეგმის აქტივობების 85%-ზე მეტი შესრულებულია. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქალაქ რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია 10 საწარმო. 3-მა მოქმედმა საწარმომ კი, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა და რამაც შედეგი უკვე გვაჩვენა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს.
ოთარ შამუგიას განმარტებით, რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების საბოლოოდ გადასაჭრელად, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მუშავდება ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ახალ ღონისძიებებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ევროკავშირის მხარდაჭერით კი, დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება თბილისისთვის.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, კანონი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი და ახალი საწარმოებისთვის 2026 წლიდან ახალი მოთხოვნების დაწესებას. შამუგიას განცხადებით, დაახლოებით 200-მდე მოქმედ საწარმოს, ეტაპობრივად, მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება სამრეწველო საქმიანობების განხორციელების შედეგად. მისი თქმით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიმართულებით.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტია.
მინისტრის განცხადებით, სამრეწველო სექტორის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებაც.
„ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
მინისტრმა დეპუტატებს ახალი ინიციატივის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც სამინისტრო მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს. საქმე ეხება ახალი ავტომობილების იმპორტის საკითხებს, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი.