Skip to content Skip to footer

თურქ მეთხილეებს ფაროსანა აზარალებს – რა ხდება საქართველოში

თურქი მეთხილე ფერმერები ფაროსანას გამო ზარალს ითვლიან და ამბობენ, რომ მავნებელი საგანგაშოდ მრავლდება.

როგორც თურქეთის „თხილის ეროვნული საბჭოსა“ და მეთხილეთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, სებაჰათინ არსლანთურქი, ამბობს, თურქეთში მავნებლისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალი ყოველწლიურად 5 მილიარდ თურქულ ლირას უტოლდება – ამჟამინდელი კურსით დაახლოებით 177 მლნ აშშ დოლარს.

მისივე პროგნოზით, სექტორი მომავალ სეზონზე შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ვარაუდობენ, რომ მომავალ წელს მწერის პოპულაცია იმდენად შეიძლება გაიზარდოს, რომ ზიანი მიადგეს თხილის მოსავლის 80%-ს.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში თურქი კოლეგების შეშფოთებას იზიარებენ და მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ. როგორც ასოციაციის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა გვეუბნება, ფაროსანას პრობლემა მთელი რეგიონისთვის გამოწვევაა. მავნებელი აზერბაიჯანშიც არის და იქედან კახეთის რეგიონშიც გადმოდის. ჭითანავა ფაროსანას წინააღმდეგ სამეზობლო ქვეყნების მიერ კოლექტიური მუშაობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

თურქული მხარის პესიმისტური პროგნოზი და შეფასებები გადაჭარბებულად მიაჩნიათ საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ქარდავა, წლებია, თხილის ბაზარს აკვირდება და ამბობს, რომ ფაროსანას ფაქტორზე მეტად, წელს, როგორც თურქეთის, ისე საქართველოს თხილნარები, უამინდობამ აზარალა, რადგან ხშირი წვიმების დროს ჭირს წამლობა.

რაც შეეხება ფაროსანას ფაქტორს, როგორც ლევან ქარდავა ამბობს, ქართული თხილის ხარისხი ბევრად უფრო დაზიანებულია, ვიდრე თურქული და, შესაბამისად, თურქეთში თხილის მოსავლიანობის კლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს ქართველი მეთხილე ფერმერებისთვის რამე შესაძლებლობად. ქარდავა არ გამორიცხავს, რომ მყიდველები, შესაძლოა, შედარებით დაბალ ხარისხზე გადაეწყონ, თუმცა, დროებით და რამე განსაკუთრებულ შესაძლებლობად ამის განხილვა, არაგონივრულია.

აგროანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ თუკი თურქეთში თხილის მოსავალი იკლებს, საერთაშორისო ბაზარზე თხილის მიწოდება შემცირდება (თურქეთი თხილის უმსხვილესი ექსპორტიორია), რაც თხილის ფასს გაზრდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველი მეთხილე ფერმერები თავიანთი თხილის უფრო ძვირად გაყიდვას შეძლებენ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავადაც მოახერხეს თხილის ხარისხის შენარჩუნება, რაც ძალიან რთული იქნება, თუ სამეზობლოში ფაროსანა ასე გააქტიურდება, რადგან ეს მავნებელი მწერი ყოველდღიურად 30 კილომეტრს ფარავს და მისი საქართველოში გადმოსვლა სამეზობლოდან, სრულიად ლოგიკური იქნება.

„ზოგადად ბაზარზე მხოლოდ გამყიდველის, მიწოდების მხარე არ არის. მყიდველი, როგორც წესი, გარკვეულ თანხამდე იხდის, თუმცა გარკვეული ზღვრის შემდეგ პროდუქტს ანაცვლებს სხვა თხილეულით. მაგალითად, თხილის პირდაპირი კონკურენტი არის ნუში. თურქეთში შექმნილი ვიტარება არაა ისეთი უნუგეშო, რომ ფასების 2-3-ჯერ ზრდას ველოდოთ,” – ამბობს ლევან ქარდავა.

თურქეთი მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია. თხილის გლობალურ ბაზარზე მისი წილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, 70-80%-ის ფარგლებში მერყეობს.

საქსტატის მონაცემებით, ქართული თხილი თურქეთში ნაკლებად გადის. ქართული თხილი ძირითადად ევროპაში იყიდება. 2022 წლის მონაცემებით, სომხეთი მესამე ადგილზეა, რუსეთი – მე-6-ზე, თურქეთი კი მე-10-ზე. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები კი არიან იტალია 29% და გერმანია 22%.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ფაროსანა, რომლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა და 2016 წელს თხილის მოსავალი მნიშვნელოვნად აზარალა. ეს მავნებელი მხოლოდ თხილს არ აზარალებს. ის აფუჭებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის მოსავალს, ჭამს კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტმა სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დასავლეთ საქართველოში თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავა 227 148 ჰექტარი ფართობი, ცივი შესხურებით – 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობამ, შარშან, ვაშლის, ყურძნის, ციტრუსის მსგავსად, თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო და პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოიყო. ყველა ფიზიკურმა პირმა, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღო, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარება, რისი გახარჯვაც მხოლოდ აგროტექნიკური ღონისძიებების ჩასატარებლად იყო შესაძლებელი.

როგორ იმუსავა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამამ და დაეხმარა თუ არა ეს ფერმერებს? აისახა თუ არა იგი მათ შემოსავლებზე და ხარისხიანი თხილის წარმოების ზრდაზე? – ამ საკითზე “აგრო სიახლეები” ცოტა ხანში სპეც.გადაცემას შემოგთავაზებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ ბოლო მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული.