2024 წლის რთველზე ბაზარზე დარჩენილ ჭარბ ყურძენს, კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ, „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, რომლისთვისაც 50 მლნ ლარია გათვალისიწნებული. შესყიდვების სააგენტომ გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა.
მთავრობა წელს ყურძნის უკეთეს მოსავალს ელოდება, როგორც ხარისხით, ისე რაოდენობით.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, ამბობს, მიუხედავად ოპტიმისტური მოლოდინებისა, სახელმწიფო ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს.
ჯერ კიდევ უცნობია, ჭარბი ყურძნის ჩაბარებასთან ერთად, დაასუბსიდირებს თუ არა ხელისუფლება ყურძნის ფასსაც. სამინისტროში აღიარებენ, რომ სუბსიდირება არც თუ ისე კარგი პრაქტიკაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ის საჭიროა.
“სახელმწიფო წელსაც ემზადება ისეთი მნიშვნელოვანი კულტურის მოსავლის ორგანიზებულად აღებისთვის, როგორცაა ყურძენი. ამ ეტაპზე ბიუჯეტი 50-მილიონიანია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყურძნის შესყიდვაზე 50 მილიონივე დაიხარჯება. შარშან შევხედეთ, რომ სუბსიდიის მოცულობის საჭიროება 25 თეთრი აღარ იყო, 20 თეთრი გავხადეთ. არსებულ ვითარებას წელსაც შევაფასებთ და გადაწყვეტილებას მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. იდეალურ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევა, კარგი იქნება. ჯერჯერობით ამ იდეალურ პირობებში არ ვართ. ამიტომ, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე სუბსიდირება საჭირო არის, იმიტომ კი არა, რომ სახელმწიფო რამეს აკლებს, უბრალოდ ჩვენი მდებარეობიდან და კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, მხარდამჭერი მექანიზმებისთვის მზად უნდა ვიყოთ”, – ამბობს მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე.
ყურძნის სუბსიდირება 2008 – 2022 წლებში ბიუჯეტს 436.6 მილიონი ლარი დაუჯდა. მხოლოდ 2022 წელს, მევენახეობა-მეღვინეობის წახალისების პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 124.7 მილიონი ლარი იყო.
რამდენად სწორი და გამართლებულია ყურძნის რეგულარული სუბსიდია? სექტორის რეალური დახმარება თუ პოლიტიკური იარაღი? რატომ არ გამოდის სახელმწიფო რთველის სუბსიდირებიდან? აქვს თუ არა ეკონომიკური ეფექტი სუბსიდიას? მევენახეების, მეღვინეების, ექსპერტებისა და არასამთავრობო სექტორის პასუხები ამ კითხვებზე მოისმინეთ აქ 👇