Skip to content Skip to footer

იმპორტირებული ხორბალი ქართულზე თითქმის 100 ლარით ძვირია 

იმპორტირებული ხორბალი ქართულზე თითქმის 100 ლარით ძვირია – ამის შესახებ ვიგებთ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ბაზრის ბოლო მონაცემებიდან.

ასოციაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის წისქვილკომბინატებში იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ჩაბარების ფასი ტონაზე 730-750 ლარს შეადგენს, ქართული სასურსათო ხორბლის კი 600 -650 ლარია. მათივე ცნობით, წისქვილებში ყველა შესყიდვა /ჩაბარებები ხორციელდება იმ პერიოდში ბაზარზე არსებული საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

“ქართული ხორბლის და ანალოგიური ხარისხის იმპორტირებული ხორბლის ჩაბარების ფასის სხაობის მიზეზი არის ის, რომ ორივე განსხვავებული საგადასახადო რეჟიმით იბეგრება. მაშინ როდესაც იმპორტირებული ხორბლის მოწოდება იბეგრება დღგ-თი (წისქვილის მიერ ხდება დღგ-ს ჩათვლა), ქართული ხორბლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-საგან. შესაბამისად, დღს როდესაც იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასი 730-750 ლარია ტონაზე, წისქვილში ქართული სასურსათო ხორბლის ფასი 600-650 ლარია ტონაზე“, – ვკითხულობთ ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიზნესგაერთიანების განმარტებით, მაისის წვიმებმა ხორბლის მოსავალზე კარგი მოლოდინები გააჩინა.

„ზოგადად, საქართველოში მაისის წვიმებმა გააჩინა მოლოდინი, რომ ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი და მათ შორის საჰექტარო მოსავლიანობა იქნება მაღალი. მიუხედავად იმ შეფერხებისა, რომელიც დაფიქსირდა ალაზნის ველზე მოსავლის აღების დასაწყისში, შარშანდელთან შედარებით უკეთესი მოსავლის და ფასის მოლოდინი კვლავ არსებობს. დღეის მდგომარეობით ფერმერების მიერ ჩაბარებულია 6 000 ტონამდე ხორბალი. ტრადიციულად ფასის ტრენდიდან გამომდინარე ფერმერები ინდივიდუალურად წყვეტენ განახორციელონ ხორბლის ჩაბარება ამ პერიოდში, თუ დაასაწყობონ და შემდგომ პერიოდში მოახდინონ რეალიზაცია. ნაწილი ფერმერებისა ტრადიციულად აბინავებს, ფასის შესაძლო გაძვირების მოლოდინით და შემდგომ უფრო გვიან პერიოდში ხორბლის რეალიზაციის მიზნით. დღეის მდგომარეობით, ხორბლის ჩაბარების ტემპი და რაოდენობა მრავალწლიან პრაქტიკასთან მიახლოებულია“, – აცხადებენ ასოციაციაში.

ცნობისთვის, წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო მოქმედება ხორბლის აღება ჩაბარების შტაბმა, რომლის შემადგენლობაში , სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად არიან : მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის(მეხორბლეების ) , ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის(წისქვილები) და პურის მრეწველთა კავშირის (პურის მწარმოებლები) , შესაბამისად , ხორციელდება ფერმერების და წისქვილკომბინეტების და პურის მწარმოებლების ღია და პირდაპირი კომუნიკაცია სასურსათო ხორბლის ჩაბარების კუთხით როგორც ხარისხის ასევე ფასის კუთხით , აგრეთვე მიმდინარეობს პირდაპირი მონიტორინგი ბაზარზე ფქვილის და პურის არსებული ფასებთან დაკავშირებით .

მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციი ინფორმაციით, მეხორბლეებს, შარშანდელის მსგავსად, პრობლემები არც წელს აკლიათ. ამ დროისთვის მთავარი გამოწვევაა ის, რომ ალაზნის პირზე ნათესები წყალშია და მოსავლის აღება ვერ ხერხდება, რადგან კომბაინები ვერ შედიან. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე ამტკიცებს ამ ლოკაციაზე სადრენაჟე სისტემა სრულად ამორტიზებულია და ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის აღება ჭიანურდება. წინა წლების პრაქტიკას თუ გადავხედავთ ამ დროს ალოობა, ანუ ხორბლის მოსავლის აღება, დასრულებული იყო, ამ ეტაპისთვის, ფაქტობრივად, მოსავლის ნახევარზე მეტი ასაღებია დედოფლისწყაროსა და სიღნაღში. ფერმერებისთვის მთავარი გამოწვევა კვლავ ხორბლის ღირებულებაა, რაზეც გავლენას იმპორტირებული პროდუქტი ახდენს. როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, გასული 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბალი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაიყიდა და თუ მესამე წელსაც, ღირებულება არ გაიზრდება, ფერმერები საქმიანობის გაგრძელებას უბრალოდ, ვეღარ შეძლებენ. 👇