Skip to content Skip to footer

იხოცებიან ცხოველები, სანადირო მეურნეობები განახევრდა – მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია

„არანორმალური რაოდენობით იხოცება დათვი, ჯიხვი და ირემი – სანადირო მეურნეობები განახევრდა“ – ამის შესახებ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ტყემალაძე იუწყება

მისი თქმით, მთავრობამ ყველა პასუხისმგებლობა სანადირო მეურნეობებს დააკისრა, მაშინ როდესაც, მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ. როგორც თემურ ტყემალაძე ამბობს, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგად კი, ნადგურდება ჭალები და უკანონოდ ნადირობენ ისეთ ცხოველებზე, რომლებიც „წითელ წიგნშია“ შეტანილი.

„სანადირო მეურნეობები განახევრდა. იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყონ და გვერდით დაუდგეს სახელმწიფო, პირიქით ხდება. ის ხალხი, ვინც სანადირო მეურნეობების სფეროშია, პატრიოტი და სამართალმორჩილი ადამიანები არიან. მთელ მსოფლიოში ამ საზოგადოების მიმართ კეთდება დოტირება, იმიტომ, რომ გარემო იყოს შენახული. ეს ოქმედებს ტურიზმზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ჩვენ უდიერად ვეპყრობით. უკანონო ჭრების მხრივ, კატასტროფაა, განსაკუთრებით ჭალებში. ეს ყველაფერი უნდა იყოს დასჯადი.

ბრძანება არის გამოცემული, სადაც პირდაპირ ეუბნებიან სანადირო მეურნეობებს, რომ შენ უნდა მოუარო, შენ უნდა აღკვეთო ყველა უკანონობა, მაშინ როდესაც არანაირი ბერკეტი არ გაქვს. მოიშორა სახელმწიფომ, დაიბანა ხელი, აგკიდეს ტვირთი, შენ უნდა გააკეთო უამრავი რამ და თან, არაფრის უფლება არ გაქვს. დაახლოებით ასეთი ვარიანტია, საავადმყოფოში ბუფეტი რომ იქირაო და ოპერაციაზე გაგებინონ პასუხი. შეუძლებელია, ასე.

არასწორად უდგებიან, არასწორი პოლიტიკა არის შერჩეული. გიდებენ ისეთ პირობებს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია. მთელ ტვირთს გკიდებენ შენ. როდესაც გაქვს 10-20 წელი ნამუშევარი და ინვესტიცია ჩადებული, რთულია ეს საქმე გააგრძელო.

ამ დროს, ვართ უნიკალური ქვეყანა, მაგრამ ძალიან პატარა. ზომიერება გვჭირდება ყველაფერში. ამას თუ არ გავუფრთხილდით და სანდო ორგანოებმა თუ არ მართა, გაქრება ყველაფერი, ისედაც ძალიან ბევრი რამ განადგურდა, თევზიდან დაწყებული, ცხოველთა სამყაროთი დამთავრებული. უკანონო ნადირობა ძალიან მასშტაბურია. წარმოგიდგენიათ, სულ ყველაფერზე ნადირობენ. მაშინ, როცა სანადირო მეურნეობებშიც კი, ყველაფერზე ნადირობ არ არის დაშვებული. არანორმალური რაოდენობით იხოცება დათვი, ჯიხვი და ირემი, ამის რეგულირებას არაფერი არ უნდა, გაეცი ლიცენზია და გააკონტროლე.

სიმკაცრეა საჭირო, სპეციალური სამსახური, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ჩართულობა. მუნიციპალიტეტები რას აკეთებენ?! ის სარგებლობს იქიდან, ლიცენზია მიეცი, გადაეცი, როგორც სანადირო მეურნეობა და მოსთხოვე პასუხი. განვითარებაც მეტი იქნება და ინტერესიც. თუ ჩვენ ამას გლობალურად შევხედავთ, ძალიან დიდ შედეგს მივიღებთ.

განადგურდა ტყე, ჭალის ტყეები აღარ არის. შეიძლებ 40% გაქრეს?! უკანონო ჭრების გამო. მე არ მაინტერესებს მთავრობაში ვინ იქნება, მე მაინტერესებს, ამ ყველაფერს ვინ დაიცავს, 20 წელია ამ სფეროში ვარ, თავს ვიკლავ და ვებრძვი, მაგრამ რა, ჯერ კიდევ გამოსავალს ვეძებ“,- ამბობს თემურ ტყემალაძე და ამატებს, რომ იარაღის მფლობელს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია სჭირდება, რაც ქართულ რეალობაში არ ხდება.

„იარაღს რომ აძლევენ, განათლება არ აქვთ. როგორ იხმარონ თოფი არ იციან. გერმანელი სტუმარი მყავდა, რომელსაც იარაღის წარმოების უფლება და კოლექცია ჰქონდა, მაგრამ ნადირობის უფლება არა. ეს სხვადასხვა რამეა. არ უნდა ჰქონდეთ იარაღის შეძენის უფლება. უნდა გაიარონ შესაბამისი კურსები. კომუნისტების დროს, იყო გერმანული სისტემა, ვინც ყიდულობდა იარაღს და ხდებოდა ამ საზოგადოების წევრი, 1 წელი მაინც ვინმესთან უნდა ყოფილიყო მიმაგრებული. იმ მეორეს ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული, შემდეგ იწყებდა დამოუკიდებლად ნადირობას. მერე მოიშალა სისტემა და ახლა არაფერი მსგავსი აღარ არის“,– განაცხადა თემურ ტყემალაძე.

წყარო: bpn.ge