საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიამ, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხორცის მწარმოებელი და იმპორტიორი სახელმწიფო კომპანიის „ვიდამფუდი” აღმასრულებელ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის პოტენციალის შესაძლებლობები განიხილა. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან სახელმწიფო პროგრამებს აგრარული მიმართულებით, რომელებიც ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და რომლის მიზანიცაა უზრუნველყოს ფერმერთათვის შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მათ შორის, აღსანიშნავია მესაქონლეობის დარგის განვითარება და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება. მისასალმებელია, რომ, ბოლო პერიოდში, კატართან გააქტიურებულია სავაჭრო ურთიერთობები, ხორციელდება ქართული ხარისხიანი პროდუქტის ექსპორტი, მათ შორისაა ცხვრის შეციებული ხორცი, რომლის მიმართ ინტერესი და პოტენციალი მზარდია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
„ვიდამფუდის” აღმასრულებელი პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში დაიწყოს სამუშაო შეხვედრები და ოპერატიულად გადაწყდეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მზაობა გამოთქვა, კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს შესაბამის პროცედურებში, რათა მაქსიმალური ხელშეწყობა მიიღონ ქართველმა ფერმერებმა სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე ხელმისაწვდომობის და დამკვიდრების მიმართულებებით.
გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ესწრებოდნენ.