დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემში, სოფელ კაწალხევში, მეწყრული პროცესების გამო ერთი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო. თამარ არაბული, რომელიც, მისივე თქმით, მიწის მასამ საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოიმწყვდია, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ როდესაც „აგროსიახლეები“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას კაწალხევში არსებული ვითარების შესახებ დაუკავშირდა, მოქალაქე ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებული იყო. მიუხედავად ამისა, მერიის პრესსამსახურმა მხოლოდ ის განგვიცხადა, რომ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას აკონტროლებდნენ და ამ ეტაპზე საფრთხე არ იკვეთებოდა. მოქალაქის ევაკუაციის შესახებ ინფორმაცია მერიას მაშინ არ მოუწოდებია.
ევაკუაციის ფაქტის შესახებ „აგროსიახლეებს“ მოგვიანებით მოლაშქრეთა კლუბმა „რონინმა“ აცნობა. ამის შემდეგ თავად თამარ არაბულს დავუკავშირდით, რომელმაც მომხდარის დეტალები გაგვიზიარა.
მოქალაქის თქმით, მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აფრთხილებდა, თუმცა ადგილზე მისული გეოლოგი ირწმუნებოდა, რომ საფრთხე არ არსებობდა.
თამარ არაბულის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მიწის მასამ მისი საცხოვრებელი ტერიტორია შემოსაზღვრა და დამოუკიდებლად გამოსვლა ვეღარ შეძლო, სამაშველო სამსახურს დაურეკა. ტერიტორიიდან ის მაშველებმა გამოიყვანეს.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ „აგროსიახლეები“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას ხელახლა დაუკავშირდა. მუნიციპალიტეტმა დაადასტურა, რომ ერთი მოქალაქე ტერიტორიიდან გაყვანილია და ქირით არის დაბინავებული.
თავად თამარ არაბული კი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა დროებით სასტუმროში დააბინავა და საკუთარ მიწის ნაკვეთზე უსაფრთხო საცხოვრებლის მოწყობას დაჰპირდა.
რა ხდებოდა კაწალხევში ევაკუაციამდე?
10 ნოემბერს სოციალურ ქსელში კაწალხევში გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა, რომლებშიც მდინარის კალაპოტში სქელი, მონაცრისფრო, ტალახისმაგვარი მასის მოძრაობა ჩანდა. ნატანი დაგროვებული იყო მდინარის ნაპირებზეც, რამაც კალაპოტის შესაძლო ჩახერგვისა და წყლის დაგუბების საფრთხის შესახებ კითხვები გააჩინა.
ვითარების გასარკვევად „აგროსიახლეები“ პასუხისმგებელ უწყებებს დაუკავშირდა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განგვიცხადა, რომ ტერიტორიას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი პერიოდულად ამოწმებდა და საფრთხე არ იკვეთებოდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ განმარტების მოწოდების დროს ერთი მოქალაქე უკვე ევაკუირებული იყო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეოკადრების გავრცელების დღესვე მათი წარმომადგენლები ადგილზე გავიდნენ. უწყების განმარტებით, მდინარემ ხეები და სხვა ნატანი მასალა ჩამოიტანა, რამაც კალაპოტში მცირე დაგუბება გამოიწვია, თუმცა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა არ გამოვლენილა.
დეპარტამენტში განმარტეს, რომ გეოლოგიური საფრთხეების შეფასება მათ კომპეტენციაში არ შედის.
რას ამბობს ოფიციალური გეოლოგიური პროგნოზი?
განსაკუთრებით საყურადღებოა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის გეოლოგიური ბიულეტენი. დოკუმენტის 442-443-ე გვერდებზე მეწყრული პროცესების გააქტიურების შესაძლო ტერიტორიებს შორის პირდაპირ არის დასახელებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღაროსკარის თემის სოფლები, რომელთა შორის კაწალხევიცაა.
ამავე ბიულეტენში საუბარია ფშავისა და ხევსურეთის არაგვის აუზებში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბიულეტენი კონკრეტულად კაწალხევს მაღალი რისკის ზონის სტატუსს არ ანიჭებს, სოფელი იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიაში მდებარეობს, სადაც სააგენტო საშიში გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებს.
კალაპოტის გაწმენდაზე გამოცხადებული ტენდერები
კაწალხევში მდინარის კალაპოტის გაწმენდის საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების დღის წესრიგში წლებია დგას.
2018 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტმა კაწალხევისა და მეზობელი სოფლების, წიფრანისა და ქალილოს ხევების კალაპოტების გაწმენდა-დაღრმავებაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 28 121 ლარი იყო. რა სამუშაოები შესრულდა აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში, ამ ეტაპზე დასაზუსტებელია.
2026 წლის 1 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა ივნისის სტიქიით დაზიანებული ხუთი ობიექტის, მათ შორის კაწალხევში მდინარის კალაპოტის გაწმენდისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე 9 122 ლარის ღირებულების ტენდერი (NAT260020605) გამოაცხადა, თუმცა შესყიდვა არ შედგა.
განმეორებითი ტენდერი (NAT260021816) იმავე სავარაუდო ღირებულებით 20 ოქტომბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 30 ოქტომბერს დასრულდა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან ხელშეკრულების გაფორმება მზადდება.
მნიშვნელოვანია, რომ 2026 წელს გამოცხადებული ორივე ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ეხება და არა უშუალოდ კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს.
კაწალხევში მომხდარი შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რამდენად სრულყოფილად იყო შეფასებული ტერიტორიის გეოლოგიური მდგომარეობა და რატომ არ მიიჩნიეს საფრთხედ ის პროცესები, რომელთა შესახებაც მოქალაქე, მისივე თქმით, მერიას ექვსი თვის განმავლობაში აფრთხილებდა.
საქართველოს სტიქიური გეოლოგიური პროცესების მძიმე გამოცდილება აქვს. 2023 წლის შოვის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია საფრთხეების დროული შეფასება და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
ცხადია, კაწალხევში განვითარებული შემთხვევის მასშტაბი და გეოლოგიური მექანიზმი შოვის ტრაგედიასთან არ უნდა გავაიგივოთ, თუმცა ნებისმიერი მსგავსი პროცესის დროული შესწავლა აუცილებელია.
კაწალხევში ერთი მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. დუშეთის მერიამ ეს ფაქტი მხოლოდ მას შემდეგ დაგვიდასტურა, რაც ინფორმაცია დამოუკიდებლად მოვიპოვეთ და უწყებას განმეორებით მივმართეთ.
კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები: რატომ არ მიეწოდა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რამდენად უსაფრთხოა ტერიტორია და რა ღონისძიებები ტარდება იმისთვის, რომ სხვა მოქალაქეებსაც არ შეექმნათ საფრთხე?
„აგროსიახლეები“ კაწალხევში არსებული ვითარებისა და პასუხისმგებელი უწყებების რეაგირების მონიტორინგს გააგრძელებს.
