კახური და რაჭული ღორი ენდემური ჯიშებია, რომელსაც შენარჩუნება სჭირდება იმისთვის რომ არ დავკარგოთ რაჭული ლორისა და კახური შაშხის განსაკუთრებული გემოები. ნეკრესის მონასტრის ირგვლივ საუკუნეების განმავლობაში შემორჩა უძველესი ტრადიცია — ღორის შეწირვა, რომელიც ადგილობრივ თქმულებას უკავშირდება: ღორებმა თითქოს მტრისგან იხსნეს ტაძარი და ქართველები. დღემდე, შობის დღეს, ნეკრესობა აღნიშნება და გლეხები მონასტერში შესაწირად ღორს მიიყვანენ. შილდასა და მთელ კახეთში ღორის მოშენება არა მხოლოდ რიტუალის, არამედ კულტურის ნაწილია. კახური ღორი გამოირჩევა ძლიერი ორგანიზმით, ტყის საკვებზე დაფუძნებული რაციონით და 80–120 კგ-მდე წონით. სწორედ მისი ხორცით მზადდება გამორჩეული ქართული პროდუქტი — კახური შაშხი. შაშხის დამზადება რთული, მაგრამ ზუსტად განსაზღვრული პროცესია: ღორის დაკვლიდან დაწყებული — ხორცის დამარილება, შესუნელება, დავარგება, შრობა და საბოლოოდ შებოლვა. გამოიყენება მუხის, წიფლისა და კაკლის ნახერხი, რაც განსაკუთრებულ არომატსა და ოქროსფერს ანიჭებს პროდუქტს. კახური შაშხი ცნობილია სიმეტრიული ცხიმისა და ხორცის ზოლებით, მუქი ოქროსფერი ტყავითა და ნატურალური კვამლის სურნელით. იგი მზადდება თაობიდან თაობაზე გადმოცემული ცოდნით — ნამდვილი კახური სიამოვნებაა, რომელიც აერთიანებს ბუნებას, ისტორიას და გემოს.
📜 „კახური შაშხი“ გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდა 2024 წლის 19 დეკემბერს.
