სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ქვეყნის სამხედროებს მოუწოდა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში ჩაერთონ. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეის უამრავ პროვინციაში შიმშილით სიკვდილის შემთხვევები იზრდება.
38North.org-ის მონაცემებით, ქვეყანაში საკვების ხელმისაწვდომობა ასეთი არამდგრადი 1990-იანი წლების შიმშილობის შემდეგ არ ყოფილა, როცა შიმშილით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სხვა ქვეყნებისგან დახმარების წინააღმდეგია.
ჩრდილო კორეის ხელისუფლება აპირებს, სამხედრო ნაწილებში ფერმები და სათბურები მოაწყოს. ასევე იგეგმება, საბრძოლო მასალის მწარმოებელი ზოგიერთი ქარხანა ტრაქტორებისა და სალეწი მანქანების საწარმოებლად გადაკეთდეს.
პარალელურად, ცდილობენ სამხედრო წვევამდელები დაარწმუნონ, გააგრძელონ სამსახური არანაკლებ სამი წლით, რათა ქვეყნის არმია „სასურსათო წარმოების გაზრდის მთავარ ძალად“ იქცეს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მონაცემებით, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, დაახლოებით 10.7 მილიონი ადამიანი, არასაკმარისად იკვებებოდა და ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებდა.