Skip to content Skip to footer

კლიმატის ცვლილება პირდაპირ და ირიბად დიდ გავლენას ახდენს მენტალურ ჯანმრთელობაზე

Diplomatic Courier – ის ცნობით, კლიმატის ცვლილებებს ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე როგორც პირდაპირი, ისე ირიბი გავლენა აქვს.

ამ დრომდე მთავრობები მენტალური ჯანმრთელობის პროგრამებზე შესაბამისი ბიუჯეტიდან მხოლოდ 2 %-ს ხარჯავენ.

კლიმატის ცვლილების ტემპი იზრდება. შესაბამისად,  უნდა გაიზარდოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის საჭირო ბიუჯეტიც.

ფართო საზოგადოებისთვის კლიმატის უეცარი ცვლილებები ყოველთვის ტრავმულია და პირდაპირი გავლენა აქვს მენტალურ ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება ირიბ გავლენას, რაც უფრო მეტს იგებს საზოგადოება კლიმატის ცვლილებისა და მისი შედეგების შესახებ, მით უფრო ღელავს. სტრესულია იმის აღქმაც, რომ ნაკლებია პროგრესი კლიმატზე ცვლილების მოხდენის თვალსაზრისით. ამის შეგნება მღელვარებას განსაკუთრებით ახალგარდებს, ბავშვებსა და მომავალ თაობებში ზრდის.  

კლიმატის ცვლილებას აშკარა გავლენა აქვს როგორც გარემოს, ისე ადამიანების კეთილდღეობაზე. მიუხედავად ცვლილების მაჩვენებლის ზრდისა, პრობლემის შესამცირებლად მთავრობები მსოფლიო მასშტაბით ბიუჯეტის ზედმეტად მცირე ნაწილს ხარჯავენ და არც ზრდიან დაფინანსებას პრობლემის შესამცირებლად. შესაბამისი ეფექტური სერვისების ნაკლებობისა და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაუძლეველი სტიგმის გამო მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება სამომავლოდ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

ამ კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული თაობის გაძლიერება, მათი ცნობიერების ამაღლება და იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადაცემა, რაც პროცესის წინააღმდეგ სამოქმედოდ არის აუცილებელი. კოლაბორაციული სასწავლო ეკოსისტემების შესამუშავებლად საჭიროა განათლება კლიმატთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საშუალო სკოლების სასწავლო პროგრამაში შევიდეს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არსებობს ერთი წინააღმდეგობა – სასკოლო პროგრამაში ამ საკითხების ჩართვით სხვა ფუნდამენტურ შეკითხვამდე მივდივართ – საკითხის დეტალური ცოდნით ხომ არ შეშინდებიან მოზარდები, რაც ბუნებრივია, გამოიწვევს ემოციურ ღელვას? ამ მოლოდინის უგულებელყოფა შეუძლებელია. შესაბამისად, ცალკე სტრატეგიებია გასაწერი იმისთვის, რომ ახალგაზრდები შესაბამისი ფსიქოლოგიური მედეგობით აღიჭურვონ, რათა გამოირიცხოს მოსალოდნელი რისკები.

განმანათლებლები, მკვლევრები და პედაგოგიკის ექსპერტები კლიმატური ცვლილებების სწავლების მეთოდების ინოვაციურ ვარიანტებზე მუშაობენ.

ამგვარი ინოვაციური მეთოდები ხელს უწყობს ექსპერიმენტულ მიდგომებს სწავლების პროცესში  – სტუდენტებს უფრო ინტენსიური შეხება ექნებათ მეცნიერებთან და ჯგუფურ პროექტებთან, რომლებიც გარემოსდაცვითი დანიშნულებით ხორციელდება. მსგავსი აქტიობები მხარდაჭერილი უნდა იყოს საგანმანათლებლო ისნსტიტუციებს, სათემო ორგანიზაციებს, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინსტიტუტებსა და ადგილობრივ ბიზნესგარემოს შორის თანამშრომლობით. მათ უნდა უზრუნველყონ ღია სივრცე ბავშვების, მასწავლებლების, მშობლების, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებისა და სხვადასხვა თემის წევრებს შორის, რათა მათ შეძლონ შეისწავლონ, ერთმანეთს გაუზიარონ და წაახალისონ კოლექტიური ქმედებები. ეს კი, თავისთავად, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შემცირებას.